“ხელისუფლების პროპაგანდაა “ბუის” შექმნა. უნდათ, ახლა მერაბიშვილით შექმნან “ბუა”, რაც წარმოუდგენელი ამბავია – არანაირი ვანო მერაბიშვილი პარტიაში არ არსებობს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ.
რაც შეეხება პარტიის ყრილობას და ინფორმაციას, რომ მასზე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ნაწილი არ მიუწვევიათ, წითლიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, ყრილობაზე დაპატიჟებული იყვნენ.
„მე როცა მოვიკითხე ეს საკითხი, დამიდასტურეს და შემდეგ გადავამოწმე და დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები იყვნენ მოწვეული. ვისურვებდი, რომ მაშინ, როცა არჩევნები მორჩა, მეტი ნაბიჯი გადაიდგას ერთობისკენ. მარტო ლევან ხაბეიშვილმა კი არა, ლევან ხაბეიშვილმაც და ყველა ფლანგმა უნდა შეუწყოს ხელი ერთიანობას და არ შეიძლება საკუთარ პარტიას ბოიკოტის ენით ველაპარაკებოდეთ. მე არ ვიყავი მომხრე არც ყრილობის ბოიკოტის არც ერთი მხარის მიერ, არც ასეთი მიდგომების მომხრე ვარ არც ერთი მხარის მხრიდან. ყველამ უნდა გააცნობიეროს ერთიანობის მნიშვნელობა, რადგან ეს არჩევნები მორჩა, მას ჰყავს გამარჯვებული – 22 ათასი ამომრჩევლით არჩეული თავმჯდომარე და ყველა ვალდებულია ამას პატივი სცეს. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი პარტიის ყრილობაზე, რატომ უნდა მჭირდებოდეს ვინმეს დაპატიჟება? არასდროს მჭირდებოდა არავის მიწვევა და დაპატიჟება.
ამ ყველაფერში კიდევ მერაბიშვილის ხსენება წარმოუდგენელი ამბავია. რა მერაბიშვილი? – ახალგაზრდულ ყრილობაზეა საუბარი. ხელისუფლების პროპაგანდა „ბუის“ შექმნა და უნდათ ახლა მერაბიშვილით შექმნან ეს „ბუა“, რაც წარმოუდგენელი ამბავია. არანაირი ვანო მერაბიშვილი პარტიაში არ არსებობს. პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ მისი განცხადებები არ არის პარტიის განცხადებები და არის კონკრეტულად მისი განცხადებები, ამიტომ შეფასება, რომ პარტიის სახელით საუბრობს, არ არის სწორი.
ვანო მერაბიშვილის წარმოჩენა, როგორც პარტიაში არაფორმალური მმართველის, არასწორია. ჩემი მთავარი უკმაყოფილება ამას უკავშირდებოდა. ყველა, ვინც მასზე აკეთებს განცხადებას, კარგად იცის, რომ მას არავითარი როლი პარტიის საქმიანობაში არ აქვს, არ ჰქონია მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციაში და არ ექნება არც მომავალში. ამიტომ ვისურვებდი, ყველა მსგავსი საკითხი პარტიის შიგნით გადაწყდეს,“ – განაცხადა წითლიძემ.