“ჩამოყალიბდნენ – გიორგი გახარია „კოკაიშნიკია“, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია” – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი. დეპუტატი, ანა ბუჩუკური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედაზე, გიული ალასანიაზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიაზეცა საუბარი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობისთვის” მსგავსი ჩანაწერების მონტაჟი, ” ნაცნობი და ახლოს მყოფი ჟანრია”.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი ჩანაწერების მონტაჟი და მანიპულირება ნაცნობი და ახლო ჟანრია, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკებზე კომენტარი ცოტა სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ გიული ალასანიას იმაში ვეთანხმები, რომ გიორგი გახარია ნამდვილად მომავლის პოლიტიკოსია. ჩამოყალიბდნენ – გიორგი გახარია „კოკაიშნიკია“, ამერიკის აგენტია, რუსეთის აგენტია. რაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, გაავრცელონ. სამწუხაროდ, ამ ბინძურ პროპაგანდაში მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2“-მა, რომელიც, სამწუხაროდ, იყო ის მედიასაშუალება, რომელმაც პირველმა გაავრცელა უდიდესი ტყუილი, თითქოს გახარია სააკაშვილს ამერიკაში შეხვდა. ვნახეთ, რომ ტყუილი იყო, თუმცა ეს ტყუილი ამ ტელევიზიამ დაიწყო და „იმედმა“ განავრცო. ეს მათი ტრაგედიაა. რაც უნდათ, ის უქნიათ, რაც უნდათ, ის გაარცელონ. ჩვენი პარტია „ნაც-ქოცურ“ ჭაობში ჩართვას არ აპირებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.
„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.
ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.