მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად გამოეხატათ პროტესტი, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„2024 წლის 30 აპრილს აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით დილის 11:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა აქცია. სამართალდამცველები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქცია პარალელურად დაიწყო პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა განათავსეს სცენა. აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები, პოლიციამ უზრუნველყო მათი მშვიდობიანი გადაადგილება, ასევე, საჭიროებისამებრ რუსთაველის გამზირზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მათ შორის, იმართებოდა პლენარული სხდომა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებისა ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან. ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის. სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.
რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, მათ პოლიციის მისამართით ხშირად ისროლდნენ სხვადასხვა ნივთებსა და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა.
საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა. აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.