აქციიდან შეყვანილი რვა პაციენტიდან სამმა კლინიკა უკვე დატოვა

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ აქციიდან მათთან შეყვანილი რვა პაციენტიდან სამმა კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, ხუთი პაციენტი კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს.

„ერთ პაციენტს, გერმანიის მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერჯერობით მისი გაწერა არ იგეგმება. მას ჰქონდა ქალასარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა. ამასთან, კიდევ ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა ცდომის გარეშე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. დანარჩენ სამ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება. რაც შეეხება კიდევ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე არ სჭირდებათ რაიმე დამატებითი ჩარევა. ისინი 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.