ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება-კალაძე

ანაკლიის პორტის პროექტი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება. ის აუცილებლად განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს საფრთხე ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელში იყო.

თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ და ყველაფერი მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადავადება გაუკეთა. მისცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანათ. მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. საზოგადოებამ უკვე დაინახა, სიმართლე ვის მხარეს არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.