ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
მისი თქმით, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული იყო ორი კომპანია: შვეიცარულ-ლუქსემბურგული T.I.L Holding S.A და ჩინურ-სინგაპურული China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), თუმცა 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.
„უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს უახლოეს რამდენიმე დღეში“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარმოდგენილია სრულყოფილი წინადადება და შესაბამისი საბანკო გარანტიები.
„უახლოეს დღეებში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება“, — აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ჩინური კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები, დავითაშვილის თქმით, China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd არიან.
„მინდა გითხრათ, რომ Qingdao Port ტვირთბრუნვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია მსოფლიოში და მისი მმართველი კომპანია კონსორციუმის წევრია“, — განაცხადა ლევვან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია „ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტი“, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.