ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – Voice of America

აშშ-ის რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ (Voice of America) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია“, რომელშიც განხილულია აშშ-ის ხელისუფლების უკრაინისადმი მხარდაჭერისა და დახმარების მომენტები: რამდენად მტკიცეა ამჟამად ამერიკის პოლიტიკური წრეების სოლიდარობა – როგორც მმართველი დემოკრატიული, ასევე ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიისაგან, რა იქნება მომავალში და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკამ უკრაინას 35,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა, რაც შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა ცნობები, საიდუმლო მასალების გაჟონვის თაობაზე, გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც, იქონიებს თუ არა ეს გავლენას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებზე და შესაბამისად უკრაინისადმი დასავლურ დახმარებაზე.

ონლაინ-რეჟიმში გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებში საუბარია, მათ შორის, უკრაინის მიერ გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრშეტევის, დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დერეკ ჰოგანი ამბობს, რომ მომხდარი არაფერს ცვლის პარტნიორებს შორის.

„ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების სიმწიფის გამო, როგორც უკრაინასთან, ისე სხვა პარტნიორებთან, ძალიან კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ მათ ძალიან კარგად გაიგეს, რომ ეს იყო არაავტორიზებული, კრიმინალური ქმედება… რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ ჩვენი რწმენა უკრაინის შესაძლებლობაში, რომ განახორციელოს წარმატებული კონტრშეტევა არ შეცვლილა და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ისინი შეძლებენ ფრონტის ხაზზე დასახული მიზნების მიღწევას“, – თქვა დერეკ ჰოგანმა.

როგორ ეხმარება აშშ და ევროპა უკრაინას

სამხედრო დახმარების გარდა, ამერიკა უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკონომიკურ დახმარებასაც უწევს. 2022 წლის გვიან შემოდგომაზე, როდესაც რუსეთმა მიზანში უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ამოიღო, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეერთებულმა შტატებმა ენერგო ბლოკების შეკეთებისა, თუ მათი დაცვისთვის კიევს დახმარება გამოუყო.

„როდესაც რუსეთმა ზამთრის იარაღად ქცევა დაიწყო და ეცადა, რომ გაენადგურებინა [უკრაინის] ენერგო ქსელი, უკრაინისადმი ჩვენი დახმარება მაშინვე ფოკუსირდა იმ ნაწილზე, რომელიც ქსელის მუშაობას უზრუნველყოფდა“,- ამბობს დერეკ ჰოგანი. მისი თქმით, ეს კარგი მაგალითია იმისა თუ რამდენად ეფექტურია ამერიკის დახმარება ომში მყოფი ქვეყნისადმი.

გარდა ამისა, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18 მილიარდი დოლარი გამოუყო, არსებულ ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მიმდინარე ფისკალურ წელს, კიევი დამატებით 4,7 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს მასშტაბით, მის პარტნიორებთან მუშაობს, უკრაინისთვის დახმარების მოსაძიებლად.

ევროპულმა სახელმწიფოებმა ამ დროისთვის უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალი 4 წლის განმავლობაში, კიევს 4.7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

დახმარების მომავალი

ამერიკის უკრაინისადმი დახმარებას, შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, თუმცა რესპუბლიკელები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვაშინგტონმა, უკრაინის მიმართ დახმარებას უნდა გადახედოს. მიმომხილველთა ნაწილი მოელის, რომ საკითხზე დისკუსია, ფისკალური წლის მოახლოებასთან ერთად და კონგრესის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო გამწვავდება.

მიუხედავად ამისა, ჰოგანი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერა უკრაინისადმი შენარჩუნდება.

„ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი არაჩვეულებრივი იყო და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება, ვინაიდან ფსონები ძალიან მაღალია. ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ეს რუსეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ კავშირსაც ეხება. ჩინეთი გაკვეთილებს სწავლობს იმისგან, რაც ახლა ხდება, როგორ ვუმკლავდებით კრიზისს ევროპაში და ეს არავის არ რჩება ყურადღების მიღმა, ამას ნამდვილად იაზრებენ კონგრესში. ასე რომ ამის და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, მხარდაჭერა [კონგრესში] გაგრძელდება”, – ამბობს ის.

დასავლეთის მხრიდან, უკრაინისადმი მხარდაჭერა რომ მტკიცეა, ამას ადასტურებს რამშტაინის ბაზაზე ბოლო შეხვედრა, სადაც ვაშინგტონმა მოკავშირეები, მათ შორის გერმანია დაარწმუნა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკები გადაეცათ.

უკრაინა ფრონტზე, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებს “პატრიოტს”, ამერიკული წარმოების “აბრამსებს”და კიდევ სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა იყენებს. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში ამბობენ, რომ მათ უფრო დიდი რაოდენობის და დამატებითი შეიარაღება სჭირდებათ.

ახლა უკრაინის მხარე ვაშინგტონისგან საბრძოლო თვითმფრინავებს ითხოვს. კიევი ცდილობს თეთრი სახლის დარწმუნებას, რომ მას F-16-ის ტიპის მოიერიშეები გადასცეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა ამ ეტაპზე არ განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას.

შეკითხვაზე რამდენად საკმარისია დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა კიევს გადასცა, დერეკ ჰოგანი ამბობს, რომ ის უკრაინის მოთხოვნებს შეესაბამება.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი და საუბრები უკრაინელ ოფიციალურ პირებთან და სამხედროებთან. ჩვენმა სამხედრო ექსპერტებმა შეაფასეს, რომ სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, შესაბამისია ამჟამინდელი მომენტისთვის, ომის ამ ფაზისთვის“, – თქვა მან.

რამდენიმე დღეში ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შვედეთსა და გერმანიაში ჩავა ოფიციალური ვიზიტით. გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე ოსტინი მოკავშირეებს შეხვდება, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილოს. შეხვედრაზე შესაძლოა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოცხადების შესახებაც გააკეთონ განცხადება, თუმცა იქნება თუ არა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ამ პაკეტში, ჯერ უცნობია.

წყარო