ეს ძალიან დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის. შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც „რუსული კანონია“ ჩვენი ევროპული გზისთვის, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორების გარეშე დავრჩებით“.
„ეს არის ასეთივე ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება, რომელიც უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა ჩვენი თავდაცვისუნარისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ამ დახმარებით ჩვენს ჯარში შენდებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები, რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის.
ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორების გარეშე დავრჩებით და არ გვექნება არცერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის რომ ქვეყანა იყოს დაცული, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, დაცვა მზადებაშია და ეს მზადება დღეს საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.
„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.