ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა – შალვა პაპუაშვილი

ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ – ძალაუფლების ხელში ჩაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“.

„მთავარი ის კი არ არის, რომელმა ევროპარლამენტარმა მოიწონა {ის, რაც ოპოზიციას ჩვენ შევთავაზეთ}, მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა მოიწონა ეს მიდგომა და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ჩვენ, როგორ შეაქცია ზურგი ქართველმა ხალხმა ამ პროცესს. ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ – ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამდენად, ეს მიდგომა ქართველი საზოგადოების მხრიდან არის მოწონებული. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, საუბრობენ ამ 6 თვეზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. სწორედ ამიტომ საუბრობენ ბარიერზე, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდაციების თემა. პირველი საკითხი, რაც თავში მოსდით, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მანდატები ჰქონდეთ; ასევე კომიტეტის თავმჯდომარეობა იმისთვის, რომ თანამდებობები ჰქონდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა გუშინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.

„ვინაიდან ვეღარ იმალებოდა უკვე მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება. აღარც გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერმა უკვე სამართლებრივი, იურიდიული სახე მიიღოს და გაფორმდნენ როგორც პარტიები. თავისთავად, პრობლემა ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა თუ არა პოლიტიკოსობა, პრობლემა ისაა, რომ როდესაც ფარსია, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავს გაჩვენებს როგორც ობიექტურ, მიუკერძოებელ, პროფესიული ნიშნით მაკრიტიკებელ და მოფიქრალ ადამიანად და სინამდვილეში ის არის პოლიტიკოსი, პოლიტიკური დღის წესრიგით. ისინი აღარც მალავენ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ქართველი ხალხის არჩევანის უარყოფა, ეს კი თავის მხრივ არადემოკრატიულობაა, ეს კი აჩვენებს, რომ მათი მთავარი მიზანია ხელისუფლება და ხელისუფლების ინსტრუმენტების მიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასა და სამოქალაქო პროტესტზე ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ისაუბრა. ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს. თავად როგორც ამბობს, პარტიულ საქმიანობას არ აპირებს.