ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს -ნიკა მელია

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მელია აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა და შიგნით ამხელა კონსოლიდაცია არასდროს ყოფილა. ნიკა მელიას თქმით, ახლა ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო…

გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა, 48% ავიღეო ან 60%-იო. რეალურად, ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი, რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.

ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს.

მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო, მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა. 5% და 6%, 8%, 10% არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით; ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს, ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;

ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ, პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.

მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“, – წერს ნიკა მელია.