ახალი ფილმი ნაპოლეონზე – აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში

რიდლი სკოტის ახალმა ფილმმა „ნაპოლეონი“ ისტორიკოსებისა და კინომოყვარულების კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია. ნაპოლეონის ეპოქის მცოდნეები აკრიტიკებენ რეჟისორს ისტორიული შეცდომებისა და უზუსტობების გამო, კინომოყვარულები დინამიური სიუჟეტის არარსებობისა და ფილმის მთავარი გმირის ინტერპრეტაციისთვის – ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი უფრო მოსიარულე ქანდაკებას ჰგავს, სახეზე ქვის გამომეტყველებით.

რეჟისორთან არაერთი ინტერვიუდან ირკვევა, თუ რა ამოცანები დაუსვა თავის თავს ნაპოლეონზე ეპიკური ფილმის გადაღებისას. რიდლი სკოტი ახასიათებდა ნაპოლეონს, როგორც  სასტიკ მმართველს, ძალაუფლებით შეპყრობილს, განგსტერს, რომელმაც დაიწყო ომები ევროპაში, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია. რიდლი სკოტმა ხოაკინ ფენიქსის არჩევა მთავარ როლზე მსახიობის საფრანგეთის იმპერატორთან გარეგნული მსგავსებით და იმით ახსნა, რომ ფენიქსი კრიმინალის ტიპს ერგება. სკოტის ცნობილ ფილმში „გლადიატორი“ ფენიქსი მთავარ უარყოფით პერსონაჟს, იმპერატორ კომოდუსს თამაშობდა. რიდლი სკოტის ნაპოლეონი ასევე უარყოფითი გმირია. მაგრამ ვინ არის ფილმის პოზიტიური გმირი, „გლადიატორი“, რომელიც ეწინააღმდეგება ძალაუფლებისმოყვარე საფრანგეთის იმპერატორის დანაშაულებრივ გეგმებს?

რიდლი სკოტის ფილმში „გლადიატორის“ როლს ბრიტანეთის იმპერია ასრულებს – ნაპოლეონის მთავარი მოწინააღმდეგე მთელი მისი სამხედრო კარიერის განმავლობაში. ფილმი იწყება ტულონის ალყით, რომლის დროსაც ნაპოლეონი ანადგურებს ბრიტანეთის იმპერიის სიამაყეს – სამეფო საზღვაო ფლოტს. ფილმი მთავრდება ვატერლოოს ბრძოლით. სწორედ ბრიტანელებმა დაამარცხეს ნაპოლეონი და ამით იხსნა ევროპა მისი სისხლისმსმელი ამბიციებისგან. ნაპოლეონი ბრიტანელებს დანებდა და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.

შეგახსენებთ, რომ რიდლი სკოტი ბრიტანელი რეჟისორია, თუმცა მისი ფილმების უმეტესობა ჰოლივუდში გადაიღო. ნაპოლეონის ეპოქის მისი ინტერპრეტაცია არის ინგლისელის შეხედულება ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტერზე მის ისტორიაში. სკოტის ფილმი პროპაგანდისტული და პოლიტიკური ხასიათისაა. როგორც პროპაგანდის წესებს შეეფერება, უარყოფითი იმიჯის შესაქმნელად გამოიყენება მთელი რიგი ტექნიკები.

რიდლი სკოტი ფილმში ერთმანეთს ერწყმის ნაპოლეონის ომები, ნაპოლეონისა და ჟოზეფინის ურთიერთობის ისტორიას. ჟოზეფინა გამოსახულია, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. მისი ღალატი ნაპოლეონის მიმართ ფართოდ გახდა ცნობილი. ნაპოლეონი აღიარებს, რომ მისი ცოლი მეძავია, მაგრამ განიცდის მის მიმართ ცხოველურ ვნებას.

ჟოზეფინა მეძავია. მაგრამ რიდლი სკოტის აზრით, ის აკონტროლებს ნაპოლეონს. ჟოზეფინა ეუბნება ნაპოლეონს, რომ ის უბრალოდ სასტიკი ცხოველია და მის გარეშე არაფერია. ჟოზეფინას წარმატებები მოაქვს ნაპოლეონისთვის. და ნაპოლეონი ეთანხმება ჟოზეფინას.

თუმცა, იმპერატორს სჭირდება ტახტის მემკვიდრე, ჟოზეფინა კი უნაყოფოა. ნაპოლეონი იძულებულია გაშორდეს მას. განქორწინების ცერემონიის დროს იმპერატორი ცხვირსახოცით იწმენდს ცრემლებს და ჟოზეფინა სარკასტული ღიმილით კითხულობს განქორწინების დოკუმენტის ტექსტს.

განქორწინების შემდეგ ფილმში ასახულია რუსეთში ნაპოლეონის წარუმატებელი კამპანიის ისტორია. უკან დახევის დროს ნაპოლეონი ფიქრობს, რომ ჟოზეფინის გარეშე იღბალი აღარ ახლდა მას. სინამდვილეში, სამი წელი გავიდა ჟოზეფინასთან განქორწინებასა და რუსეთთან ომის დაწყებას შორის, რომლის დროსაც საფრანგეთის იმპერია თავისი ძლიერების პიკზე იყო. მაგრამ რეჟისორის ამოცანაა დაარწმუნოს მაყურებელი თავის კონცეფციაში და არა ისტორიული ფაქტების წარმოჩენა.

მთავარი კითხვა რჩება: რატომ გახდა აქტუალური პროპაგანდისტული ფილმის გადაღება ტირანზე, რომელიც ორასზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა? ინგლისურენოვან სამყაროში ნაპოლეონი უარყოფითი გმირია, რომლელთანაც შედარება უარყოფით ასოციაციებს იწვევს. ფილმის “ნაპოლეონის” პრემიერის დროს CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორმა პარალელები გაავლო საფრანგეთის იმპერატორსა და დონალდ ტრამპს შორის, რომელსაც “ჩვენი პოტენციური ნაპოლეონი” უწოდა.

https://edition.cnn.com/2023/11/20/opinions/napoleon-ridley-scott-joaquin-phoenix-donald-trump-berlatsky/index.html

სტატიის ავტორი ნოე ბერლაცკი მკითხველს უხსნის, რომ რიდლი სკოტის ნაპოლეონი თვითკმაყოფილი პოპულისტია, რომელიც საკუთარ თავს ყველა ადამიანზე მაღლა წარმოიდგენდა. მაგრამ ამავე დროს, მისი ფიგურა რიგ ეპიზოდებში გამოიყურება კომიკური და სასაცილო. და ეს არის მსგავსება ნაპოლეონისა და დონალდ ტრამპის იმიჯს შორის. ბერლიცკის თქმით: „სხვადასხვა ეპოქის პოპულისტ ლიდერებს შორის არის რამდენიმე შესამჩნევი მსგავსება. სკოტის ნაპოლეონის მსგავსად, ტრამპის გაუთავებელი თავმოყვარეობა მას საკუთარი თავის კარიკატურად აქცევს“.

ფილმში ნაპოლეონის პირადი ამბიციები ევროპისა და საფრანგეთის მრავალი უბედურების მიზეზი გახდა. ამერიკულ მედიაში ვტცელდება აზრი რომ დონალდ ტრამპმა თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, პოპულისტური რიტორიკით და გადაჭარბებული ამბიციებით შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე მთელ მსოფლიოს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ნაპოლეონთან შედარება იმ დროიდან დაიწყო, როცა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. მაგალითად, 2020 წელს The Wall Street Journal-ში იყო გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რა აქვს ტრამპს საერთო ნაპოლეონთან “ https://www.wsj.com/articles/what-trump-has-in-common-with-napoleon-11588784608

ჟურნალ Politico-მ 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის ნაპოლეონის კომპლექსი“. Week 9: Donald Trump’s Napoleon Complex – POLITICO Magazine

ასეთი მაგალითები ბევრია. ტრამპის ასოციაცია ნაპოლეონთან ამერიკელებისთვის მისაღები გახდა. ის ფაქტი, რომ რიდლი სკოტის ფილმი ნაპოლეონზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოვიდა, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ჰოლივუდი ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. მოგეხსენებათ, ჰოლივუდი ტრადიციულად მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას და მის კანდიდატებს. რიდლი სკოტმა ამერიკელებს თავისი ფილმით შეახსენა რა მონსტრი იყო ნაპოლეონი. ფილმი თითქოს აფრთხილებს, რამდენად საშიშია მისნაირი თანამედროვე მონსტრის – დონალდ ტრამპის მხარდაჭერა.

 

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი