2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა თანამებრძოლებმა, რუსთავში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი – დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.