აფხაზეთში ხელისუფლების მორიგი ცვლილება აქტიურ ფაზაში შევიდა – ბიძინა გიორგობიანი

აფხაზეთში ხელისუფლების მორიგი ცვლილება აქტიურ ფაზაში შევიდა, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი.

“აღნიშნულ პროცესს მიზეზად დაედო ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონი, რომელიც, რუსეთის მოქალაქეებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დაკანონების შესაძლებლობას აძლევდა. ასევე რატიფიკაციას გადიოდა კანონი, რომლის მიხედვით რუსეთის ტერიტორიაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ამავდროულად ძალაში იყო აფხაზეთის ტერიტორიაზეც. აღნიშნული საკითხების განსახილველად შეკრებილი პარლამენტი, დღეს ფაქტობრივად გაყარეს შენობიდან პროტესტანტებმა და სრულიად დაიკავეს შენობა. მათი შემდეგი მოთხოვნაა ასლან ბჟნიას დაუყოვნებელი გადადგომა. როგორც გვახსოვს აფხაზეთში ხელისუფლებების მიტინგებით ცვლილებების ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორც მათი უხუცესთა საბჭოები და სხვა ტრადიციები. ამ უკანასკნელთ კანონთან და კონსტიტუციასთან შედარებით პრიმატი გააჩნიათ აფხაზური საზოგადოების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას. ასე რომ ევროპული კანონთ კრებულები იქ მხოლოდ ბუტაფორიაა, მთავარი გვაროვნული, ტეიპური გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ოპოზიცია ყოფილი ხელისუფლებაა, რომელიც, ასევე მიტინგებით და მოსკოვში საქმეების ჩაწყობით შეცვალეს აფხაზებმა. ასე, რომ აპარტამენტების კანონს და სასამართლოების პრიმატის კანონებს, რომელი დაჯგუფებაც გამოიტანდა, მათი მოწინააღმდეგეები იქნებოდნენ მომიტინგეები და ხელისუფლების ცვლილება ისევე მოხდებოდა, როგორც ახლა ხდება. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა წინა წლებთან შედარებით, თანამედროვე პროტესტები მიმდინარეობს არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების უვარგისობის მოტივით, მომიტინგე აფხაზები არ სთავაზობენ ამჯერად რუსებს უკეთესი ხარისხის ერთგულებას, არამედ პროტესტი მიმდინარეობს რუსეთთან შეთანხმებული კანონების წინააღმდეგ და წინა ათწლეულების ფონზე ეს მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშნია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარე პროცესი უმართავია, მაგრამ ახლო მომავალშივე რუსეთს ექნება შესაბამისი რეაქცია აფხაზეთთან მიმართებაში. საინტერესოა დაკვირვება, თუ არსებობს მსგავსება მიმდინარე პროცესების რუსეთის კოლონიურ დამოკიდებულებას აფხაზეთთან მიმართებაში და დანარჩენი საქართველოსადმი ბრიუსელის ბიუროკრატიის, ან ვაშინგტონის ძველი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას შორის? მე მგონი, რომ აღმოვაჩენთ ბევრ მსგავსებას, რაც კოლონიალისტური მმართველობებისათვის საერთო ხასიათიდან გამომდინარეობს (თუნდაც სასამართლოს დამონების და ადგილობრივი აქტივების განკარგვის შეზღუდვის შესახებ კანონების მოთხოვნები), საქართველოს მხარე მიმდინარე კონფლიქტში პასიური დამკვირვებლის როლს ამჯობინებს და ალბათ სწორადაც იქცევა, რადგან ყველა სახის განცხადება ან ჩარევა აღნიშნულ, შიდა კლანურ დაპირისპირებაში, მხოლოდ ავნებს სამომავლო ქართულ-აფხაზურ დიალოგს”, – წერს ბიძინა გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.