უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება, რომელიც დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ ადრე საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას მოსკოვიდან უწყობდნენ ხელს, დღეს უკვე ბრიუსელისგან მოდის მითითებები და თუ ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც დასავლეთი მიიჩნევს საჭიროდ, საქართველო სასჯელად უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამოქალაქო გადატრიალების მუდმივ მცდელობას მიიღებს.
გიორგობიანი აღნიშნავს იმასაც, რომ გლობალური ლიბერალიზმის მეთოდები სსრკ-ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებულია, “პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული შიდა სოციალური გაუცხოება კი ბევრად დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე მოსკოვიდან მართული ეთნიკური სიძულვილი.
“მიხრწნილებაში მყოფი სსრკ -დან გამოსვლისას მკაცრად დაგვსაჯეს და საქართველოს ორი ნაწილი, ცალკე სახელმწიფოდ აღიარა რუსეთმა. “თუ არ მოაწერთ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს, პრობლემები შეგექმნებათ აფხაზეთსა და ცხინვალში” ასეთი იყო მიხეილ გორბაჩოვის მუქარა, არც თუ შორეულ წარსულში, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასადმი. ვასალობიდან გამოსვლა, როგორც ფაქტი, დიდი დანაკარგით, უმძიმესი შედეგებით, მაგრამ მაინც შედგა. როგორც ჩანს მაშინდელმა მმართველებმა საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ახალი კოლონიალური მმართველობა ისე უპირობოდ მიიღეს, რომ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ პოლიტიკური პროცესების კანონზომიერებაზე. ერთი შეხედვით კეთილი, მაგრამ შინაარსობრივად ყალბი დაპირებებით (NATO/EU- ს სწრაფი წევრობა), საზღვრებმორღვეული საქართველო, როგორც მაშინდელ მმართველს უყვარდა თქმა, გლობალური ლიბერალიზმის “ლაბორატორია” გახდა. დასავლეთში, ლიბერალიზმის თანამედროვე კრიზისი, მისი გლობალიზაციის და უნივერსალურობის სურვილმა გამოიწვია. გლობალიზმის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება არც არსებობს და ყველა საკუთარი მიზნების მიხედვით განმარტავს მას. შეიარაღებული ლოკალური კონფლიქტების, უსასრულო ფართომასშტაბიანი ომების და იარაღის მწარმოებლები, გლობალურ ლიბერალიზმს განმარტავენ როგორც “დემოკრატიული დასავლეთის” ინტერესების ჰეგემონიას და ადგილობრივ მცირე სახელმწიფოების ინტერესებზე, “დასავლური ღირებულებების” უსიტყვო პრიმატს.
როგორც ჩანს უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა, გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება. აღნიშნული სოციუმი დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში.
ადრე თუ საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას, ხელს უწყობდა მეტროპოლია მოსკოვიდან, დღეს უკვე ბრიუსელი მიგვითითებს, თუ საქართველო არ მოიქცევა ისე როგორც ამას მოცემულ მომენტში საჭიროდ თვლიან დასავლელი “პარტნიორები”, სასჯელად მივიღებთ: უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამხედრო წვრთნების გაუქმებას, სამოქალაქო პუტჩის პერმანენტულ პროცესს ქვეყანაში და ა.შ.
საქართველოს წინააღმდეგ ყოველივე სასჯელის ინსტრუმენტი, სსრკ- ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებით, გლობალური ლიბერალიზმის ადგილობრივი წარმომადგენლობაა. ყოველგვარი ეთნიკური განსხვავების და ტერიტორიული პრეტენზიის გარეშე. მათ არა საქართველოს რომელიმე ნაწილი, არამედ მთელი საქართველო უნდა ნახონ ისეთი, როგორიც მათ წარმოდგენაშია. ესაა აუცილებლად, ერთი ცენტრიდან მართული, გლობალური ლიბერალიზმის სრული ფეტიში ქვეყანაში. ხსენებულ სოციუმს საქართველოში მხოლოდ ერთი დაუძლეველი პრობლემა აქვს, მას საკუთარი კრიტერიუმებითვე არ გააჩნია პერსპექტივა გახდეს ქვეყნის მმართველი. ალტერნატივაა სამოქალაქო პუტჩი, ან სხვა ძალმომრეობა, რასაც წესით თვით გლობალური ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება. “პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული, შიდა სოციალური გაუცხოება, ბევრად დიდ საშიშროებად ჩანს, ვიდრე ოდესღაც მოსკოვიდან მართული, ეთნიკური სიძულვილი.
ალბათ ქართული NGO წარმომადგენლობის დროული რესოციალიზაცია, მათთვის ფინანსური ალტერნატივების გაჩენა და მათი ინტელექტუალური რესურსის სასარგებლო მხარეს წარმართვა ადვილი არ იქნება, მაგრამ სასურველია.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.