თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერის კახა კალაძის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას მერიის მიერ განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
თავმჯდომარის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა თბილისის მერს კახა კალაძეს და ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დეტალური ანგარიშის წარდგენისთვის.
„დღეს მოვისმინეთ ანგარიში, სადაც საუბარი იყო ყველა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტზე, რაც ჩვენს დედაქალაქში განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.
როგორც თქვენ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნეთ, ეს არის რეფორმა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესში მთავარია, რომ გამოწვევების გადაწყვეტის გზებზეც აქტიურად მუშაობთ. ამ კუთხით მინდა, გამოვყო ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემუშავება, რაც, თქვენი თქმით, იქნება გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ამ მიმართულებით მსურს გითხრათ, რომ ჩვენი კომისია, ისევე, როგორც მთელი საკრებულო მზად არის, შემდგომი რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა გამოგიცხადოთ.
ჯანდაცვის პროგრამები, სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია – ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა. ჩვენ გვაიმედებს ერთი მნიშვნელოვანი რამ, ქვეყანაში დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც თავისთავად არის იმის წინაპირობა, რომ თბილისის ბიუჯეტიც გაიზრდება. ფაქტია, რომ რაც თქვენ გახდით მერი ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა და ეს ნამდვილად ნიშანდობლივია“, – განაცხადა აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ თბილისის მერი, ისევე, როგორც მთავრობა მეორედ არის არჩეული, რაც არის ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობა დედაქალაქისა და მოსახლეობის წინაშე. ზურაბ აბაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი მართლაც მძიმე იყო მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაგრძელდეს მუშაობა დედაქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის.
თავმჯდომარის მოადგილემ საუბრისას დედაქალაქის განვითარების კუთხით თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ღვაწლი გაიხსენა.
ზურაბ აბაშიძემ პოლიტიკურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, ანგარიშის წარდგენის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ქმედებას გამოეხმაურა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
„მსურს, შევეხო საკრებულოს დარბაზში ბორკილების მოტანის ფაქტს – ვფიქრობ, აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არის კონკურენცია ვინ უფრო მეტად მოირგებს ბორკილებს და მოიხდის სასჯელს. კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს არ აქვს ამის გამოცდილება, შესაბამისად, აქვს დანაკლისი, ამიტომაც დააქვს ბორკილები და გვიგზავნის ჩვენ. რეალურად, ის კონკურენციაშია მის ოპონენტ მელიასთან, რომელსაც უკვე ედო ბორკილები.
ასევე, ქალბატონ ანა გოგოლაძეს მსურს, გამოვეხმაურო, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა როცა სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ქვეყანაში ადგილი – ეს იმას ნამდვილად არ ამართლებს, რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობის პარტიას შეუერთდით. გადახედეთ ისტორიას, რას აკეთებდა ეს პარტია და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ დღეს იმ ყველაფრის ნაწილი ხდებით ნებსით თუ უნებლიეთ.
საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსიც. ამ მიმართულებით მინდა, ხაზგასმით განვაცხადო – საქართველო როცა ამ სტატუსს მიიღებს, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, თქვენ კოლეგებთან ერთად ისევ გამოხვალთ, და იტყვით, რომ არ გვინდოდა აღნიშნული სტატუსის მიღება, მაგრამ მაინც მოგვცესო, ეს ასე იქნება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.