ირაკლი ხელაძე – ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ხელაძემ.

„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მარიტას ოჯახს. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები მესაუბრა ამ ტრაგედიის თაობაზე, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები არ უნდა წყვეტდნენ ადამიანის ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აღარ არის ის დრო, როცა გამოძიება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს დანაშაულის გამომწვევ მიზეზს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს წევრმა თავის გამოსვლაში ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი მსგავს ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

,,ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც ოპოზიციამ არაერთი მომხდარი ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ახლაც ამას ცდილობს, თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მოვლენებს სწორად აფასებს’’, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.