თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 218 ოჯახს დაუკანონდება

თბილისში კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოჯახები დიდი ხანია, ელოდნენ იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია, ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გამხდარიყო.

„დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები 57 ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში – 26 ოჯახს, გლდანში – 31 ოჯახს, საბურთალოს რაიონში – 21-ს, ისანში – ხუთს, ჩუღურეთის რაიონში კი, ერთ ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ.

„მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობებს და წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.