“აპრილამდე გავძლოთ”:რუსეთის არმიის დარტყმები უკრაინის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს”-The Economist

„რუსეთის მასირებულმა დარტყმებმა უკრაინის ეკონომიკა კოლაფსის ზღურბლზე მიიყვანა“, – წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „აპრილამდე გავძლოთ“: რუსეთის არმიის დარტყმები უკრაინის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს“, რომელიც 21-26 აგვისტოს ნომერშია გამოქვეყნებული. „თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სიტუაცია უარესი იქნება. რუსეთი გეგმაზომიერად ანგრევს ქვეყნის სამხედრო მრეწველობას, ლოჯისტიკას, ენერგეტიკას და უკვე მოახდინა საზღვაო ვაჭრობის პარალიზება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ომის პირველი დღეების შემდეგ, წლების განმავლობაში, კიეველებს მაღაზიების ცარიელი თაროები აღარ უნახავთ, მაგრამ ისინი დღეს ისევ ცარიელია. რუსეთის ბალისტიკური რაკეტები ანადგურებენ როგორც სუპერმაღაზიებს, ასევე მათ საწყობებს. იბომბება კომპანია „სილპოს“ და „ნოვაია პოჩტას“ ფართო ქსელი, რომლითაც თითქმის მთელი უკრაინა სარგებლობს, არაფერი რომ არ ვთქვათ ოდესისა და სხვა საზღვაო ნავსადგურების ინფრასტრუქტურაზე, რომელიც თითქმის მთლიანად პარალიზებულია. ზოგიერთი გამოთვლით, ბოლო ორ კვირაში უკრაინის ბიზნესი 500 მილიონი დოლარით დაზარალდა.

უკრაინის სამოქალაქო ლოჯისტიკის წინააღმდეგ მიმართული კამპანია რუსეთმა გაზაფხულზე დაგეგმა, თუმცა მისი რეალიზება ახლა გახდა შესაძლებელი, როცა კრემლმა ჰაერში უპირატესობას მიაღწია. რუსეთში მატულობს ბალისტიკური რაკეტების წარმოება იმ დროს, როცა უკრაინას ძირითადად უკვე გამოელია „პეტრიოტის“ რაკეტა-დამჭერების (ანუ ანტირაკეტების) მარაგი. ახლა „პეტრიოტებით“ მხოლოდ ძალიან მაღალპრიორიტეტული სამიზნეებია დაცული, სხვებისთვის სამყოფი აღარ არის. რუსეთმაც არ დააყოვნა და ამ შანსით სარგებლობს. ივლისში მოსკოვმა კიევი და კიევის ოლქი რეკორდული 198 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა (…).

რა თქმა უნდა, უკრაინაც გამალებით ბომბავს რუსეთის ენერგოობიექტებს – დრეს არავის არარ უკვირს ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრის მოშორებით უკრაინული დრონების გამოჩენა, ვთქვათ, სადღაც ბაშკირეთის თუ თათრეთში მდებარე ქარხნების თავზე, ან მოსკოვის ახლოს. უკრაინული დრონები რუსეთის სამოქალაქო ლოჯისტიკის ობიექტებსაც აფეთქებენ, მაგალითად ონლაინ-ვაჭრობის კომპანიის Wildberries-ის საწყობებს, (რომელიც, კიევის განცხადებით, რუსეთის არმიასაც ამარაგებს სამხედრო დანიშნულების საქონლით).

მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის, უფისა და ყაზანის ცაზე შავად აღმართული კვამლის „ღრუბლები“ რუსეთის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. აგვისტოში უკრაინის დრონებმა მაქსიმალურად შეუტიეს რუსეთს და როგორც ვარაუდობენ, ასეთი დარტყმები გამიზნულია რუსი ამომრჩევლის შესაშინებლად, იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, უკრაინა სულ უფრო მოწყვლადი ხდება: ოდესის ღრმაწყლიანი სავაჭრო-სატვირთო ნავსადგური, სადაც, თურქეთის შუამავლობით, რამდენიმე წლის განმავლობაში „მარცვლეულის დერეფანი“ რეგულარულად მუშაობდა და უკრაინა თავისი ხორბლის ექსპორტს ახდენდა, ახლა უმოქმედოდ დგას, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. რთულია იმის თქმა, როგორ და სად უნდა წაიღოს უკრაინამ მარცვლეულის მიმდინარე წლის მოსავალი, დაახლოებით 50 მილიონი ტონის სახით. სპეციალისტების თქმით, ალტერნატივა არის, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი: ერთი გემში 100 ათასი ტონა მარცვლეული ეტევა, ანუ 5 ათასი სატვირთო მანქანის ტოლფასი… და თუ ხორბლის ექსპორტი ავტომანქანებით მოხდება, წარმოიდგინეთ, ხუთი ათასი მძღოლისათვის სასაზღვრო პროცედურის გავლა… და ეს მხოლოდ 100 ათასი ტონის გატანისათვის“, – განმარტავს დიმიტრი ბარინოვი, უკრაინის პორტების ასოციაციის პრეზიდენტი, – „სიტუაცია დრეს უფრო უარესია, ვიდრე წინა წლებში იყო. ადრე მდინარე დუნაის ვიყენებდით, ახლა კი დუნაი წყალმარჩხი გახდა, გვალვის გამო, და მძიმედ დატვირთულ გემებს ვეღარ ატარებს“.

ფრონტის ხაზზე სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, უკრაინისათვის არასასიამოვნო რჩება. რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიდის. უკრაინა ლოკალური კონტრშეტევებით პასუხობს და გარკვეული მიმართულებით მცირედ უკან ახევინებს კრემლის ჯარს, მაგრამ ეს კიევის მძიმე სიტუაციას მასშტაბურად არ აუმჯობესებს. ასე რომ, ახლა მთავარი ყურადღება საჰაერო კამპანიაზეა გადატანილი.

ორივე მხარე თავის სტატისტიკას ძალიან „ბერავს“. მაგალითად, უკრაინის გენშტაბის მტკიცებით, 2025 წლის აგვისტოდან დღემდე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა 13 მილიარდი დოლარით დაზარალდა, მაგრამ როგორც კარნეგის ფონდის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი სერგეი ვაკულენკო თვლის, სინამდვილეში რუსეთის დანაკარგები აღნიშნული თანხის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს და კრემლის საბიუჯეტო შემოსავლებზე მაინცდამაინც ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. „რა თქმა უნდა, დარტყმები მტკივნეულია, მოქალაქეებისათვის არის ბენზინისა და, საერთოდ, საწვავის პრობლემა, არის ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი და არა იმ ვადებში, როგორსაც უკრაინა აცხადებს“.
ამჟამად უკრაინისათვის ყველაზე უფრო საგანგაშოა საზღვაო ექსპორტის პრობლემა. მოსკოვი ბომბავს ნავსადგურებს, კიევი კი საკადრისად კი ვერ პასუხობს. სავარაუდოდ, რუსეთი დაბომბვებს გააგრძელებს, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატიური მოწოდებებისა და შუამავლობის მცდელობებისა. უკრაინული საინვესტიციო კომპანიის Dragon Capital-ის შეფასებით, საზღვაო ბლოკადა უკრაინას მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,6% დაუჯდება, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ზარალს წარმოადგენს.

„სამომავლოდ სიტუაცია, ალბათ, უფრო უარესი იქნება. თუ წლევანდელი მოსავალი არ გაიყიდება, ფერმერებს თესვისათვის ფული არ ექნებათ“, – ამბობს ალექსი ლისიცა, უკრაინის აგრარული ბიზნეს-კლუბის პრეზიდენტი. მისი თქმით, ასეთმა სიტუაციამ სოფლის მეურნეობაში შეიძლება 10-დან 12 მილიარდ დოლარამდე დანაკარგები გამოიწვიოს, რაც უკრაინის მშპ-ის მოცულობას კიდევ 5%-ით შეამცირებს. ეს, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას მოახდენს უკრაინის მარცვლეულის ტრადიციულ ბაზრებზე – აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში. „ჩვენ თითქოს ღია ფეხბურთს ვთამაშობთ ბრაზილიელებთან“, – დაიჩივლა ერთ-ერთმა უკრაინელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, – „ჩვენ სამი გოლი გავიტანეთ და გვიხარია, მაგრამ მათ 13 გოლი გაგვიტანეს“.
მიმდინარე წელს უკრაინა ცდილობდა როგორმე სიძნელეები გადაელახა და როგორც უკვე ითქვა, გარკვეულ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ პროგრესი ყოველთვის ნელდება შემოდგომისა და ზამთრის მოახლოების კვალობაზე. განსხვავება ისაა, რომ რუსეთმა წინა წლებთან შედარებით ადრე დაიწყო კიევის და სხვა მსხვილი ქალაქების მასირებული დაბომბვა. თუ უკრაინა „პეტრიოტის“ რაკეტების საიმედო მომწოდებელს ვერ იპოვის, მისი ეკონომიკა და სამხედრო პერსპექტივა კიდევ უფრო დაზარალდება. ანუ დასავლელმა პარტნიორებმა მხარდაჭერა რეალურად უნდა გააძლიერონ.

კიევში ყველაზე უარეს სცენარზე მსჯელობენ: ვაითუ რუსეთის უწყვეტმა დარტყმებმა ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და შეიძლება საკანალიზაციო სისტემაზეც მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების მასშტაბები გააფართოოს. „რამდენად შეიძლება კრემლმა ეს განახორციელოს? მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“, – ანონიმურად იტყობინება წყარო უკრაინის უშიშროების სამსახურიდან. როგორც დიმიტრი კრიმნსკი – Goodwine-ის მაღაზიების ქსელის დამაარსებელი ამბობს, ბიზნესი ადაპტაციას ახდენს, სიტუაციას ეჩვევა და პერსპექტივას ხედავს. „ამას წინათ ერთ-ერთმა კოლეგამ პროფილური კომპანიიდან მითხრა, რომ მათთან ფართო თათბირი ჩატარებულა დევიზით „საშემოდგომო მოქმედება“, რომელზეც სამომავლო გეგმები განხილულა. დღეს კი თურმე ატარებენ თათბირს დევიზით „აპრილამდე გავძლოთ“.

წყარო: