შალვა პაპუაშვილი – არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია, გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ასიმეტრიულ ძალაუფლებას, დაბრკოლებების გადალახვაში ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრების პირობები უნდა იყოს მკაფიო, მიღწეული პროგრესი – სათანადოდ აღიარებული, ხოლო შუალედური სამიზნეები პოლიტიკური მიზნების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.

„სამწუხაროდ, დროდადრო ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები ან, რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს. არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია, მარტო გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.