წესდების მიხედვით, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეც, გენერალური მდივანიც და ხელმძღვანელობაც ვადის ამოწურვის შემდეგ აგრძელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე ტარდება პარტიის ყრილობა. უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩატარდება პარტიის ყრილობა. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, მალევე იქნება მიღებული. ჩვენს მენეჯმენტთან და ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, „ნანუკა ჟორჟოლიანს საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს, რის გამოც ხელაღებით ვერ იტყვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა”.
„ზოგადად, თავმჯდომარეობა გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. კონკრეტულმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაჯოს, რამდენად მზად არის ამისთვის. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გახლავთ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანს ტყუილუბრალოდ შესთავაზებდა პოსტს. რა თქმა უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანს გარკვეული უნარ-ჩვევები აქვს. გასაგებია, რომ შეიძლება, კლასიკური გაგებით, პოლიტიკოსი არ იყოს, მაგრამ ძალიან ენერგიული, სახალხო, აქტიური პერსონაა, რომელსაც საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს. ამიტომაც ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ ამისთვის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თვითონ თუ არა აქვს სურვილი, ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს. ეს ისეთი რთული პასუხისმგებლობაა, რომ მისი აღება, პირველ რიგში, იმ კონკრეტული ადამიანის მიერ უნდა მოხდეს. კონკრეტულ ფორმატებზე მიმდინარეობს საუბარი. მხოლოდ თავმჯდომარეობა არ არის ის თანამდებობა, რისი გამოყენებითაც შეძლებს საკუთარი იდეების განხორციელებას ჩვენ პარტიაში. მიმაჩნია, რომ რა ფორმატიც გამოიძებნება და რა როლსაც გამოძებნის ამ პარტიაში, აბსოლუტურად მისაღები იქნება ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ ის თვისებები, რაც ჩამოვთვალე და რაც მას აქვს, ნებისმიერი სხვა ფორმატით წაადგეს პარტიის საქმიანობას”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, „თინა ბოკუჩავას თუ ჰქონდა შეთავაზება გუნდის მხრიდან თანათავმჯდომარეობაზე ან მსგავს პოზიციაზე?”, ფავლენიშვილმა უპასუხა:
„რა შემოთავაზებები გაკეთებულა, ამაზე თავს შევიკავებდი. არ მინდა, სხვის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად, თინა ბოკუჩავა ჩვენი გუნდის ღვაწლმოსილი წევრი გახლავთ და დამსახურებებიდან გამომდინარე, ამ გუნდში უნდა დარჩეს.
ფაქტი არის მარტივი, პოლიტიკაა, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს კონკრეტულ საკითხებზე თავად პარტიის შიგნითაც, ეს ჩვენთვის ტრაგედია ნამდვილად არ გახლავთ. „ნაცმოძრაობას” ბევრად უფრო პლურალისტური და დემოკრატიული სტანდარტები აქვს, მათ შორის შიდაოპერირებისასაც. გიდასტურებთ, რომ ის ადამიანი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო წევრია ამ გუნდისთვის. შეიძლება, თვითონ მოიფიქროს, შეიძლება, ჩვენთან კონსულტაციის შედეგად. ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ გააგრძელოს მუშაობა. შეიძლება, თავმჯდომარეობაც უნდოდეს, კანდიდატურაც დააყენოს. თინას მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ზუსტად როგორ ხედავს საკუთარ თავს პარტიაში”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

