“მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს”-Foreign Policy

“მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს”– ასეთი სათაურით აქვეყნებს აშშ-ის ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy)  სტატიას, რომლის ავტორია პროფესორი ბრენდან სიმსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩვენს ეპოქაში დიდ [ჰეგემონ] ქვეყნების მეტოქეობის შესწავლისას მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა ვიცოდეთ. საერთოდ, დიდ სახელმწიფოებზე მსჯელობა ყოველთვის იოლია, ვიდრე იმის გაგება, თუ ისინი რა ნიშნებით და მონაცემებით ხასიათდებიან, რომელი ქვეყნები რა კრიტერიუმებით შეიძლება მივაკუთვნოთ ჰეგემონ სახელმწიფოებს. ამჟამად მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობაა ამგვარ სახელმწიფოთა სტატუსის მიმართ: ამ საკითხში არც რაიმე განსაზღვრება-განმარტება არსებობს და არც კონსენსუსი.

მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია გამოვყოთ ასეთი სახელმწიფოები მათი საერთო ნიშნების მიხედვით, რომელთა მიხედვით, დღეისათვის არსებობს მხოლოდ ოთხი დიდი [ჰეგემონი] სახელმწიფო.

რა საერთო ნიშნები აქვთ დიდ სახელმწიფოებს? პირველ რიგში ის, რომ ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ მსოფლიო მოვლენებზე და პროცესებზე. ხშირად დიდი ქვეყნები თავიანთ სუვერენიტეტს აბსოლუტურად აღიარებენ, სხვებისას კი შენიშვნებით და პრეტენზიებით, განსაკუთრებით ეს ეხება პატარებს და უშუალო მეზობლებს. „დიდები“ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ შეცვალონ მათთვის არასასურველი რეჟიმები, რომლებშიც თითქოსდა საფრთხეს ხედავენ და იმავდროულად სხვებს ხელს უშლიან, უკრძალავენ, რომ იგივე გააკეთონ.
დიდი ჰეგემონი სახელმწიფოები საკუთარ თავს საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ. რიგ შემთხვევებში ისინი კეთილი ქვეყნების როლსაც თამაშობენ – აცხადებენ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს იცავენ და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე მოქმედებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ საკმარისი ძალაუფლება აქვთ, რომ წესები დაადგინონ და იგივე წესები თვითონ დაარღვიონ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ არიან დამჯერე და ჩუმი შემსრულებლები. ისინი არ უსმენენ სხვების დარიგებას, არამედ თვითონ კარნახობენ სხვებს ქცევის წესებს. რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ მეტი ძალა და შესაძლებლობა საშუალო და პატარა სახელმწიფოებთან შედარებით.

პირველი კრიტერიუმი: რესურსები

ფლობს თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო საკმაო სამხედრო პოტენციალს, რომ თავისი ნება სხვებს თავს მოახვიოს, სხვისი ნება კი გაანეიტრალოს? რასაკვირველია, სამხედრო ძალის შეფასების რაიმე უნივერსალური და უშეცდომო წესი არ არსებობს, მაგრამ სამხედრო ხარჯები და მათი ეფექტურობა შეიძლება თავდაცვისუნარიანობის მიახლოებით მაჩვენებლად ჩავთვალოთ.

ბირთვული იარაღის დაუფლება და განლაგება ასევე ითვლება დიდი ძალისა და გავლენის მქონე სახელმწიფოს ატრიბუტად. ბირთვული იარაღის ფლობა სახელმწიფოს ძალასაც მატებს და პასუხისმგებლობასაც, რათა მან თავი აარიდოს ბირთვული იარაღის გამოყენებას – გასაგებია, რომ ამ დროს საკუთარი თავის განადგურებაც გარანტირებული იქნება. ამასთან, ყველა ბირთვული სახელმწიფო დიდი და ჰეგემონი არ არის, მაგრამ ჰეგემონების უმრავლესობა ბირთვულებია.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკითხის ეკონომიკურ მხარეს. საკმარისად ძლიერია თუ არა სახელმწიფო, რომ მან გეოპოლიტიკური მეტოქეობის თანმხლებ ფინანსურ ხარჯებს და გაჭიანურებულ სამხედრო კამპანიას გაუძლოს? ეკონომიკური ძლიერება, ჩვეულებრივ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით იზომება: მასში ყველაფერი იგულისხმება, რაც კი სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში იწარმოება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აქვს ეროვნული ხასიათი სახელმწიფოს რესურსებს (ანუ მისი რესურსები ეროვნულ ტერიტორიაზეა განლაგებული). საყურადღებოა, რომ მშპ სხვადასხვაა მშვიდობიან დროს, შიდა კონფლიქტურ სიტუაციაში და საომარი მდგომარეობის დროს.

კიდევ ერთი მომენტი: თუ სახელმწიფო მოწყდება თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრებს, გამოცხადებული აქვს სანქციები ან ბლოკადა, თუ მცირდება ექსპორტ-იმპორტი, მაშინ მისი ეკონომიკა სუსტდება. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს ეფექტურად იყენებდეს საერთაშორისო რესურსებსაც, მომგებიანად სარგებლობდეს იმ ეკონომიკური დერეფნებით და საზღვაო გზებით, რომლებიც მის უშუალო იურისდიქციაში არ იმყოფება. ეს მომენტები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ძლიერების სტატუსისა და მისი ადგილის განსაზღვრისათვის იერარქიაში.

ეკონომიკური სიმძლავრე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მაინც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი დიდი სახელმწიფოს ჰეგემონური სტატუსის გასაგებად. ყურადღება მივაქციოთ: ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუ მშპ-ის მოცულობით და სამხედრო ხარჯების მიხედვით ვიმსჯელებთ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყანას აშშ წარმოადგენს. ვაშინგტონი ამ მხრივ ლიდერობას ინარჩუნებს. მას ცოტა დაშორებით მიჰყვებიან დიდი ბრიტანეთი და რუსეთი. ეს სამეული ამჟამად, ეკონომიკის განვითარების მიხედვით, მსოფლიოს ჰეგემონებად შეიძლება ჩავთვალოთ. ამასთან, მათ შორის ეკონომიკურად ყველაზე სუსტ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენს, მაგრამ თავისი ბირთვული არსენალის მიხედვით ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მეორე: გავლენა და როლი მსოფლიოში

არის თუ არა სახელმწიფო გლობალური გავლენის მქონე მსოფლიოში ან მისი გავლენა მხოლოდ რეგიონის მასშტაბითაა შესამჩნევი? შეუძლია თუ არა მას თავისი სამხედრო ძალები ეროვნული ტერიტორიისაგან შორს განალაგოს? აქვს თუ არა მას საყოველთაოდ აღიარებული გეოგრაფიულ-პოლიტიკური გავლენის სფერო? აქვს თუ არა მას სამხედრო ბაზების გლობალური ქსელი? აკონტროლებს თუ არა ის მსოფლიოს სატრანსპორტო კვანძებს და „ვიწრო ადგილებს“? როგორია მისი დაზვერვის ეფექტურობა და მოპოვებული ინფორმაციის ნამდვილობის დონე? რამდენად შეუძლია მას კოსმოსური და კიბერ სივრცეებით სარგებლობა? აქვს თუ არა მას თანამედროვე და მრავალრიცხოვანი დიპლომატიური სამსახური? აქვს თუ არა მნიშვნელოვანი ბიუჯეტი სხვა ქვეყნების დასახმარებლად?

გავლენა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური. დიდ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავისი რეგიონისგან დაშორებულ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნა და იმავდროულად გავლენა ჰქონდეს გლობალური მნიშვნელობის მქონე ინსტიტუტებზე, ვთქვათ, გაეროზე, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებზე და სხვა ფორუმებზე, ზოგჯერ კი მათთან ითანამშრომლოს კიდეც რიგ საკითხებში.

დღეს გავლენის სფეროები სახელმწიფოებს შორის უკიდურესად არათანაბარი სახით არის გადანაწილებული.

აშშ გამორჩეულია თავისი სამხედრო ბაზების ფართო ქსელით. 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამერიკას 827 სამხედრო დანიშნულების ობიექტი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, მათ შორის ევროპაშიც.
დიდი ბრიტანეთის ადრინდელი გლობალური მდგომარეობისგან ამჟამად მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი, მაგრამ „ნისლიან ალბიონს“ მაინც აქვს შენარჩუნებული საკვანძო სამხედრო ბაზები მთელ მსოფლიოში – გიბრალტარის, კვიპროსისა და ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. დიდი ბრიტანეთი, აშშ-სთან ერთად, ფლობს აგრეთვე უმნიშვნელოვანეს სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზებს ინდოეთის ოკეანეში, ჩაგოსის არქიპელაგის კუნძულ დიეგო-გარსიაზე.

რუსეთს პრეტენზია აქვს გავლენის სფეროზე „ახლო საზღვარგარეთში“. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კრემლმა თავისი პოზიციები დათმო აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში. ამასთან მოსკოვს აქვს გლობალური გავლენა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში – დეზინფორმაციული პროპაგანდისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის თვალსაზრისით.

ჩინეთს აქვს სრული შესაძლებლობა მსხვილი სამხედრო მოთამაშე გახდეს. პეკინს აქვს სამხედრო ბაზა ჯიბუტის რესპუბლიკაში (აფრიკაში) და გასამხედროებული ქვედანაყოფების ფართო ქსელი საზღვარგარეთ, საკუთარი ინფრასტრუქტურული ობიექტების დასაცავად მთელ მსოფლიოში (ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში). თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ჯერჯერობით ჩინეთის რეალური გლობალური გავლენა საზღვარგარეთ ამ ეტაპზე მხოლოდ მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის (მაგალითად, ლითიუმის) მიწოდების არხების კონტროლით შემოიფარგლება.

მესამე: რეპუტაცია

თვლიან თუ არა სხვები დასახელებულ ქვეყნებს სუპერგავლენიან სახელმწიფოებად და რაც მნიშვნელოვანია, თვლიან თუ არა ისინი ერთმანეთს გავლენიანებად? რასაკვირველია, დღეს საეჭვოა რომელიმე სახელმწიფომ ეჭვი შეიტანოს აშშ-ისა და ჩინეთის გავლენიანი ზესახელმწიფოს სტატუსში. ბევრი თვლის სუპერგავლენიან ქვეყნად რუსეთსაც (მიუხედავად მისი შედარებით სუსტი ეკონომიკისა), რადგან კრემლის შეიარაღებულ ძალებს აქვთ უნარი ჩამოაყალიბონ ან, მინიმუმ, დაარღვიონ მსოფლიო წესრიგი. ამ მხრივ დღეს დიდი ბრიტანეთის სტატუსს ბევრი საკამათოდ მიიჩნევს, თუმცა ევროპის ქვეყნების უმეტესობა გაერთიანებულ სამეფოს კვლავ ძლიერ, გავლენიან და ავტორიტეტულ სახელმწიფოდ თვლის.

მაგალითად, სწორედ დიდ ბრიტანეთს მიმართეს შვედეთმა და ფინეთმა თხოვნით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს, ჯერ კიდევ ნატოში გაწევრიანებამდე. ლონდონის ხელმძღვანელობით მოქმედ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბალტიისპირეთისა და ევროპის ჩრდილოეთი ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. დიდ ბრიტანეთს, როგორც მოკავშირეს, მაღალ დონეზე აფასებენ აზიის საკვანძო ქვეყნები, მაგალითად, იაპონია, ასევე ლევანტის (ახლო აღმოსავლეთის) და სპარსეთის ყურის ქვეყნები. გარდა ამისა, თუ, ვთქვათ, აშშ ზურგს შეაქცევს ევროპას და აზიას, ამ შემთხვევაში აშშ-სთან შედარებით ბევრად უფრო მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე დიდი ბრიტანეთი უფრო მეტ წონას და სახელს შეიძენს.

დიდი სახელმწიფო არასდროს არ მოქმედებს მხოლოდ უხეში ძალით. მისი სიდიადე კულტურაში და იდეოლოგიაშიც გამოიხატება. დღეს დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დამცველებად გამოდიან, დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი ვაჭრობის საფუძველზე. დიდი ბრიტანეთი ბოლო დროს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და ყველას აჩვენებს, რომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის „ყურმოჭრილ ყმად“ და „მორჩილ, დამჯერე ძაღლად“ – ამის პრეცედენტია ის ფაქტი, რომ ლონდონმა მხარი არ დაუჭირა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში.

სხვა დიდი ქვეყნები საკუთარ თავს ცივილიზებული თვალსაზრისით წარმოაჩენენ. მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი „დიადი სახელმწიფოა“ და მან ისეთი „თვითმყოფადი“ დიპლომატია უნდა გაატაროს, რომელშიც „ჩინეთისათვის დამახასიათებელი ტრადიციები“ და „უნიკალური ჩინური პერსპექტივა“ გამოჩნდება. თვით რუსეთიც კი – ყველაზე მკაცრი სხვა დიდ სახელმწიფოებს შორის, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს თავის სამხედრო და ბირთვულ ძლიერებას – აცხადებს, რომ ერთგულია და იცავს ქრისტიანულ და ოჯახურ ფასეულობებს, „უსულგულო დასავლეთის“ საპირწონედ. აი, რაც შეეხება აშშ-ს, რომელიც ახლო წარსულში წესებზე და სამართალზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ბურჯი იყო, დღეს რას უჭერს მხარს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში, ჯერჯერობით გაურკვეველია.

სახელმწიფოს რეპუტაცია არცთუ იშვიათად დამოკიდებულია მის პოზიციაზე გლობალური მართვის არქიტექტურის მიმართ. აშშ მნიშვნელოვან როლს – ალბათ, ვინმე იტყვის, რომ გაბატონებულს – ასრულებს ისეთ ეკონომიკურ ორგანიზაციებში, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. გარდა ამისა, აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია – რუსეთთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და ჩინეთთან ერთად.. ამრიგად, ყველა დასახელებული 5 სახელმწიფო მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს საერთაშორისო სისტემაში და, ბოლო დროს გახშირებული მოთხოვნების მიუხედავად, გაეროს რეფორმირება ისეთივე შორსაა, როგორც ადრე იყო. ხუთი სახელმწიფოსათვის გაერო ისეთივე უნდა დარჩეს, როგორსაც მისი წესდება და პრაქტიკა ითვალისწინებს.

მეოთხე: გამძლეობა [სიცოცხლისუნარიანობა]

ჰეგემონი ქვეყნის სტატუსის მე-4 კრიტერიუმი – გამძლეობა [სიცოცხლისუნარიანობა] – დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, თუ რამდენად შეუძლია ქვეყნის საზოგადოებას და ეკონომიკას აიტანოს ზარალი, ნგრევა, გაჭირვება… და ყველანაირი უბედურება. ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისტორიული წინამძღვრები და გამოცდილება-მიღწევები. წარსულში ომში გამარჯვებული ხშირად ისეთი სახელმწიფო გამოდიოდა, რომელმაც შეძლო და მოწინააღმდეგეს უმეტესი ზიანი მიაყენა, არამედ ისეთი, რომელიც ურთულეს და უმძიმეს მდგომარეობას უძლებდა. წარსულის ჰეგემონ სახელმწიფოებს, ვთქვათ, ჰაგსბურგების იმპერიას [იგულისხმება ავსტრია-უნგრეთი], ბევრი მძიმე სიტუაცია გადაუტანიათ, დიდ ზარალს განიცდიდნენ, მაგრამ აღდგენისა და განახლების უნარი ჰქონდათ. ანუ აღდგენის უნარი დამარცხების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება. სახელმწიფო შეიძლება ფართო რესურსებს ფლობდეს, ჰქონდეს გავლენა და რეპუტაცია, მაგრამ ის მაინც ვერ იქნება ჰეგემონი (დიადი), თუ მას გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა აკლია.

დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე გამძლე ქვეყნები დიდი ბრიტანეთი და აშშ იყვნენ. მათ დაამტკიცეს, რომ ხელეწიფებათ და შეუძლიათ მრავალწლიან ბრძოლებს გაუძლონ და სერიოზული დამარცხებების შემდეგ ძალები აღიდგინონ – ვთქვათ, კოლონიების დაკარგვის ან ვიეტნამის მსგავსი ომების შემდეგ. მართალია, დღეს ორივე ქვეყანა სხვადასხვანაირად იტანს შინაგან კრიზისს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოკლე დროში ისევ დაუბრუნდებიან მეტ-ნაკლებად ნორმალურ სიტუაციას. რუსეთი და ჩინეთი კი პირიქით – „შედარებით ახალგაზრდები არიან“, მათ ახლო წარსულში დიდი პოლიტიკური ტრავმები და განხეთქილებები გადაიტანეს, თუმცა ეს ჩინეთმა უფრო უკეთესად შეძლო, ვიდრე რუსეთმა (იმავდროულად რუსეთმა – სსრ კავშირმა – ორ დამანგრეველ მსოფლიო ომს გაუძლო, აღორძინდა, მაგრამ დასავლეთთან კონკურენციაში დამარცხდა). ზოგადად, სახელმწიფოების სიცოცხლისუნარიანობისა და ამტანობა-გამძლეობის ფესვები ღრმა ისტორიაში მიდის. ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის სოციალური დარაზმულობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თუ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, ჰეგემონი სახელმწიფოების პრეტენზიების მქონე ბევრი ქვეყანა შეიძლება „ჩამოვწეროთ“ – ვთქვათ, გერმანია და იაპონია, რომლებსაც სამხედრო პოტენციალი არ ჰყოფნით, განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღი.

რაც შეეხება გავლენის სფეროს, გერმანიას, იაპონიას, ინდონეზიას და ბრაზილიას აქვთ ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, მაგრამ მხოლოდ რეგიონული მასშტაბით. ისინი კარგად სარგებლობენ დიპლომატიური ძალისხმევით, მათ შეუძლიათ სხვებისთვის საკმაო მოცულობის დახმარების გაწევა და ხშირად არამარტო რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. ამავე დროს, გერმანიას და იაპონიას აქვთ მნიშვნელოვანი „რბილი ძალა“, ბრაზილიას და ინდონეზიას კი არა. მათგან ორმა ქვეყანამ – გერმანიამ და იაპონიამ აჩვენა, რომ აქვთ აღდგენა-ამტანობისა და სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი, ბრაზილია და ინდონეზია კი ამ მხრივ საკმაოდ მყიფენი არიან.

ბევრს ჰგონია, რომ ინდოეთი ჰეგემონი სახელმწიფოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ ინდოეთი ჰეგემონი არ არის. დიახ, ის ფლობს ბირთვული იარაღს და მსოფლიოში მეხუთე თუ მეექვსე ეკონომიკა აქვს, მაგრამ მისი გავლენა მხოლოდ რეგიონით შემოიფარგლება. დიახ, ინდოეთს პრეტენზია აქვს „მსოფლიოს მასწავლებლის“ რეპუტაცია ჰქონდეს, მაგრამ ეს როლი ჰეგემონობისათვის არ გამოდგება. ინდურ ცივილიზაციას დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ინდოეთი „ახალგაზრდაა“ თავისი დღევანდელი მდგომარეობით და მისი ამტანობა-სიცოცხლისუნარიანობა შედარებით მყიფეა – ტერორისტული აქტების, ეთნიკური და რელიგიური ძალადობის, სეპარატიზმისა და სიღარიბის მაღალი დონის მონაცემთა მიხედვით. შესაბამისად, ინდოეთი მოწყვლად სახელმწიფოს წარმოადგენს.

საფრანგეთის შეფასება ყველაზე რთულია. ერთი მხრივ, მას მსხვილი ეკონომიკა და ბირთვული არსენალი აქვს, თანაც ის უფრო დამოუკიდებელია აშშ-სგან, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მეორე მხრივ, მან თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ევროკავშირს გადასცა, მას აღარ აქვს თავისი ტრადიციული ვალუტა, ფაქტიურად გაუქმებული აქვს საკუთარი საზღვრებიც. დიახ, პარიზი ჯერ კიდევ გარკვეული გავლენით სარგებლობს აფრიკაში და აზია – წყნარი ოკეანის რეგიონში (ინდოჩინეთში), მაგრამ ორივე რეგიონიდან უკან იხევს… დიახ, ფრანგებს უპირატესობა აქვთ, ვიდრე ჩინელებს, რუსებს და ანგლო-საქსებს – პარიზს აქვს უნიკალური და განუმეორებელი მსოფლიო ბრენდი… მაგრამ გამძლეობისა და სიცოცხლისუნარიანობის კრიტერიუმით საფრანგეთი ბევრად მყიფეა – ის ბევრჯერ ჩავარდნილა კოლაფსში მე-19 და მე-20 საუკუნეებში. საფრანგეთმა 1940 წელს დიდი სამხედრო-პოლიტიკური შეცდომები დაუშვა და ნაცისტური გერმანიის მსხვერპლი ძალიან იოლად გახდა, ხოლო ომის შემდეგ ამერიკელების დახმარებით აღდგა. ანუ საფრანგეთი ბევრად მყიფეა, ვიდრე დიდი ბრიტანეთი.

მოკლე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

აშკარაა, რომ რესურსების ფლობის დონით, გავლენის, რეპუტაციისა და გამძლეობა-სიცოცხლისუნარიანობის მონაცემებით, ასევე ამ ყველა შესაძლებლობის დაბალანსებული მდგომარეობით, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ნამდვილად არ ჰგვანან. ყოველი ქვეყანა თავისებურად უნიკალურია, თუმცა განსხვავდებიან პოტენციალით და მოწყვლადობის დონით.
კაცმა რომ თქვას, ეს ყოველთვის ასე იყო. წარსულში დიდ სახელმწიფოებს შორის პარიტეტი არასოდეს არ ყოფილა. იგივეა დღესაც: მართალია, აშშ და ჩინეთი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დიდად უსწრებენ რუსეთს და დიდ ბრიტანეთს, მაგრამ ოთხივეს აქვს საკუთარი მონაცემები, რომლებითაც საერთაშორისო არენაზე გამოირჩევიან. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ქვეყანა, – საფრანგეთი, რომელსაც ჰეგემონის ქვეყნის პრეტენზია აქვს, მაგრამ სტატუსს ვერ აკმაყოფილებს.

ამ ჩამონათვალმა შეიძლება ვინმე გააკვირვოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ ვინ დარჩა „ბორტს მიღმა“. მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით მისი კანონზომიერება და მემკვიდრეობითობა საკმაოდ მტკიცეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოთამაშეთა ძალთა განლაგებაში ბალანსი შეცვლილია, დიდი ჰეგემონი სახელმწიფოების ჩამონათვალი თითქმის იგივეა, რაც ჩვენი მამა-პაპებისა და უფრო შორეული წინაპრების დროს იყო. დიდი ალბათობით, ჰეგემონების სია უცვლელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვისაც.

წყარო: