“უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა”-The Economist

 „უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა“, – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The  Economist) 6-12 ივნისის ნომერში სტატია, რომელშიც განხილულია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი: გაკეთებულია დასკვნა, რომ ევროკავშირმა უკრაინა თავის რიგებში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპა პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს: ის სწორედ მაშინ გააქტიურდა, როცა მის შესაძლებლობებში ბევრს ეჭვი შეჰქონდა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკისაგან სამხედრო დახმარების გაწევა შეამცირა, ევროპამ შეძლო და შექმნილი სიცარიელე შეავსო. დასავლეთ ევროპიდან დაჩქარდა ფულისა და იარაღის გაგზავნა აღმოსავლეთისაკენ, ევროპა ასევე ამკაცრებს სანქციებს რუსი აგრესორის მიმართ. ვლადიმერ პუტინზე ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ევროპის დახმარება უკრაინისადმი, ასევე დიდი დანაკარგები ბრძოლის ველზე. იმდენად, რამდენადაც აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა ომის შესაწყვეტად აქტიური აღარ არის, ევროპელები საკუთარ თავს კითხვას უსვამენ: იქნებ დადგა დრო, რომ მათ აიღონ ინიციატივა და  რუსეთის ლიდერს ესაუბრონ?

მაგრამ ვლადიმერ პუტინთან საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ეს დრო დადგება, მაგრამ ახლა არა, რუსეთთან კონტაქტებისათვის პირობები ჯერ არ შექმნილა. ევროპისათვის უფრო არსებითი საკითხია მისი ურთიერთობა ქვეყანასთან – უკრაინასთან, რომელიც დასავლეთის მეურვეობიდან თითქმის გავიდა და ახლა უფრო მეტად მისი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში. ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია წარმატებებს აღწევს, ხოლო მისი ინოვაციური სამხედრო მრეწველობა იზრდება და ფართოვდება. თუ ევროპას თავისი საზღვრებისა და ტერიტორიის დაცვა უნდა, თუ მას აღარ სურს ტრანსატლანტიკური დახმარების იმედად ყოფნა, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკრაინა ისევე ძალიან ჭირდება, როგორც უკრაინას ჭირდება ევროპის თანადგომა. ევროპის პრიორიტეტი უკრაინის სრულ და თანასწორ პარტნიორად აღიარება უნდა იყოს და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი.

უკრაინისათვის მიზანი ნათელია: ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და კომპენსაცია იმ ტერიტორიისათვის, რომელიც რუსეთს აქვს დაპყრობილი.  მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეში, ანუ უკრაინის კანდიდატად აღიარების დღიდან ოთხი თვის შემდეგ, გაიხსნება მოლაპარაკების პირველი „კლასტერი“ იმ თემებზე, როგორებიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. კიევში ზოგიერთ ოპტიმისტს იმედი აქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უკვე 2027 წელს გახდება, თუმცა თვით ევროკავშირელი ენთუზიასტებიც არ არიან დარწმუნებულნი, რომ კიევის ოცნება უახლოეს ათწლეულში ასრულდება. სხვათა შორის, ობიექტურად თუ ვიტყვით,  მომავლისათვის დამაფიქრებელი და საკმაოდ სახიფათოა ის სიტუაცია, როცა ორიევ მხარეს – კიევსა და ბრიუსელს – მოლოდინები სხვადასხვანაირი აქვთ.

განსაზღვრული პასუხისმგებლობა ამაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეკისრება. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის შიდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების განმტკიცებისათვის, განსაკუთრებით იმ ორგანოებისა, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის შექმნილი. პრეზიდენტი უფრო გახსნილი უნდა იყოს შემოქმედებითი გზების ძიებისათვის, რომლებიც უკრაინას უფლებას მისცემს პირველი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ამას წინათ წინადადება წამოაყენა უკრაინისათვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსი მიენიჭებინათ – ხმის შეზღუდული უფლებით, მაგრამ მაინც წევრის სახელით. სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იჩქარა და ბერლინის ინიციატივა უარყო.

უფრო მეტად სერიოზული ამოცანა აქვთ თვითონ ევროპელებს. მათ მხრებზე ბევრად მეტი ტვირთი ადევთ. ძალიან ბევრი ევროპელი უკრაინას საქველმოქმედო საქმედ, საზრუნავ ქვეყნად მიიჩნევს. სინამდვილეში ევროპას საკმაოდ ბევრი რამ აქვს სასწავლი უკრაინის სამხედრო-თავდაცვითი გამოცდილებისაგან, განსაკუთრებით ტექნოლოგიების დანერგვაში, დრონების წარმოებაში, საბრძოლო ტაქტიკის საქმეში. ევროპულ არმიებს შეუძლიათ საკუთარი უსაფრთხოება განამტკიცონ მეზობლის (უკრაინის) შეიარაღების გაზიარებით და მისი სამხედრო წარმოების ინვესტირებით. როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინაში შეიარაღების სისტემების ტესტირება  ბევრად უფრო სწრაფად ხდება ევროპასთან შედარებით, რომელსაც თვეები და წლები ჭირდება იგივე საკითხის მოსაგვარებლად.

ზოგიერთი ევროპელი შიშობს, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღების გადაწყვეტის დროს სწრაფად მოქმედებამ შეიძლება საქმე გააფუჭოს. ისინი ლაპარაკობენ იმ რისკებზე, რომლებიც ევროკავშირში დიდი და იმავდროულად ღარიბი, დანგრეული, ვალებით ყელამდე სავსე და ინსტიტუციურად სუსტი ქვეყნის ნაჩქარევ მიღებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს შიშები უსაფუძვლო არ არის, მაგრამ პესიმისტები მხედველობიდან უშვებენ საერთო სიტუაციას: ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინის სახით, თავდაცვისათვის მტკიცე ძალა მიიღოს, სულ უფრო მტრულ მსოფლიოში. უკრაინის მიღება ევროკავშირში ერთ-ერთი საშუალება იქნება რეგიონული საფრთხის – რუსეთის გასანეიტრალებლად. გაფართოება მხოლოდ უბრალო ბიუროკრატული პროცესი არ არის, ეს არის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ისეთი კონტინენტისათვის [ევროპისათვის], რომელიც მტაცებელ სახელმწიფოებს შორის მოწყვლადად გამოიყურება.

რასაკვირველია, შეიძლება უკრაინის დახმარება ევროპის უსაფრთხოების საბჭოს შექმნის გზით, რომლის იდეა დიდ ბრიტანეთს აქვს, მაგრამ პრიორიტეტად მაინც ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული მიღება უნდა იყოს. ბრიუსელმა უკვე ახლავე უნდა დაიწყოს შესაბამისი ხელშეკრულების შემუშავება, რათა ომით დაღლილ უკრაინელ ხალხს იმედი ჩაუნერგოს, ასევე ინვესტორებსაც, რომლებიც ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენას დააფინანსებენ. თავის მხრივ, უკრაინაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ევროპას დრო დაჭირდება ერთსულოვნებისა და კონსენსუსის მისაღწევად

ალტერნატივა ფრიად უსიხარულოა: გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, რომ  უკრაინელი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ნეგატიურად უყურებს ევროკავშირის წევრობას, რაც შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. რა უფრო უარესია – ევროკავშირმა თავის რიგებში მიიღოს ღარიბი, დანგრეული, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე უკრაინა თუ თავის რიგებს გარეთ დატოვოს გაბრაზებულ-გაბოროტებული, მაგრამ უძლიერესი არმიის მყოლი უკრაინა?

 

 

წყარო: