თამარ ტალიაშვილი – ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის

აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთსა და იმავე მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება ვერ გადარჩება მორალური საფუძვლების გარეშე და რომ ძლიერი საზოგადოებები ღირსებასა და მადლზეა აგებული, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური ან სტრატეგიულია, არამედ უფრო ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება.

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, დიდი პატივი და კურთხევაა დღეს საღამოს თქვენი მასპინძლობა. საქართველოში გვაქვს ძველი გამონათქვამი: სტუმარი ღვთის საჩუქარია და ზუსტად ასე ვგრძნობ თავს დღეს. პრივილეგიაა ჩვენი ერის დამოუკიდებლობის დღისა და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშვნა.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გადმოცემულ დამოუკიდებლობის დღის მილოცვებს და ასევე სრულად იზიარებენ ამ გზავნილებში გამოთქმულ მხარდაჭერასა და ხედვას.

ეს წელი წარმოადგენს განახლებულ შესაძლებლობას ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის კავშირების გასაძლიერებლად, ჩვენი დიდი ერების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და საერთო მისწრაფებების წინსვლისთვის. ეს არის რაღაც ღრმად სიმბოლური. ამ წლის სულისკვეთებას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორი ქვეყნისთვის.

შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს როდესაც უახლოვდება, საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრეობა და გაიხსენა მისი მარადიული გზავნილი: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“.

ეს ხედვა ეხმიანება დიდი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ დიდი ხნის განმავლობაში გამოთქმულ ღირებულებებს. პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა აღნიშნა, რომ თავისუფლება ყვავის, როდესაც რელიგია ცოცხალია და ღვთის წინაშე კანონის უზენაესობა აღიარებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგრამ საოცრად მსგავსი სულისკვეთებით, ორივე ქვეყანა ადასტურებს ერთსა და იმავე მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება ვერ გადარჩება მორალური საფუძვლების გარეშე და რომ ძლიერი საზოგადოებები ღირსებასა და მადლზეა აგებული.

ძვირფასო მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ ის, რაც პირადად შევნიშნე ელჩად ყოფნის დროს. ეს არის ის, რამდენად ჰგავს ჩვენი ორი ერი ერთმანეთს თავიანთი დინამიკური ხასიათით, გასაოცარი უნარით, ხელახლა შექმნან საკუთარი თავი სირთულეების წინაშე, არასდროს დანებდნენ რთულ დროს და მუდმივად გამოვიდნენ უფრო ძლიერები გამოწვევების გადალახვაში.

მდგრადობაზე საუბრისას, არ შემიძლია, არ მივაგო პატივი დღეს ჩვენ შორის მყოფ გმირებს, მათ, ვისი ყოფნაც ამ ოთახში გვახსენებს მშვიდობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ნამდვილ ფასს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ამ მისწრაფებაში მხარდამხარ დგომის ღრმა ტრადიცია აკავშირებთ. ეს კავშირი, რომელიც საერთო მსხვერპლზეა დაფუძნებული, ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საფუძვლად რჩება.

ამ სულისკვეთებით, ჩვენ გამოფენას ვუძღვნით აშშ-ში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისა და მიღწევების წარმოჩენას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ულამაზესი ქვეყნის განვითარებაში. მათი ისტორიები გვახსენებს, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური ან სტრატეგიულია, არამედ უფრო ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება.

ამ ერთიანობის გათვალისწინებით, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ორივე ქვეყნისა და, ზოგადად, კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.