“ხიდი და არა დაბრკოლება”: არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის “გარდიანის” (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – პატრიკ ვინტური), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სომხეთის მდგომარეობა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერევანს რომ მსოფლიოს ცენტრი უწოდო – ლიბერალური ფასეულობების მქონე მიმზიდველ ქალაქს, რომელშიც საბჭოური არქიტექტურის დიდებულ შენობებს უხვად ნახავთ – რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იქნებოდა. მაგრამ სომხეთის მტკიცება, რომ ქვეყანა შეიძლება ევრაზიის სტრატეგიული გზაჯვარედინი გახდეს, სულ უფრო ნაკლებად ფანტასტიკურად მოჩანს. 7 ივნისს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, დღეს კი, როგორც მოვლენები აჩვენებს, სომხეთი „ბაგირის გადაწევის“ ცენტრშია მოხვედრილი – რუსეთს, აშშ-ს, თურქეთს, ევროპასა და აზერბიჯანს შორის.
სომხეთის მიმართ ინტერესი ნაწილობრივ გამოწვეულია აზერბაიჯანთან კონფლიქტის შეწყვეტის გამო და იმით, რომ ერევანს შეუძლია იზოლაციიდან გამოვიდეს და „შუა დერეფნის“ ნაწილი გახდეს – ასე უწოდებენ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს და მიემართება რუსეთის (ანუ „ჩრდილოეთის დერეფნის“) და სუეცის არხის გვერდის ავლით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ქვეყნის საზღვრების გახსნას არამარტო სომხეთის გარდაქმნა შეუძლია, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციაც. მისი თქმით, როცა მშვიდობა დამყარდება და საზღვრებზე მკაცრი კონტროლი გაუქმდება, ეს იქნება ისეთი მოვლენა, რომელიც შეიძლება სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლის ექვივალენტი იყოს. „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უმოკლესი გზა სომხეთზე გადის“, ამბობს პრემიერ-მინისტრი. იგივეს აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრიც არარატ მირზოიანიც: „მთავრობის მიზანია გადააქციოს სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ რესურსად“.
ე.წ. „დონალდ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისათვის“ (TRIPP) სამხრეთ კავკასიის კომუნიკაციის ახალი არქიტექტურის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი გახდება.
ასეთი გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილად, პროგრამის სახით, ნიკოლ ფაშინიანი ამომრჩეველს თავის მესამე ვადას სთავაზობს, სომხეთის სამომავლო თვითშემეცნებასაც ეხება. თუ „რეალური სომხეთი“ (ანუ დღევანდელი სომხეთი) არჩევნებში მხარს ისევ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ დაუჭერს, მისი მესამე ვადით მმართველობის დროს სომეხი ხალხი ძველი ჩაციკლული აზრებისგან გათავისუფლდება – იგულისხმება დაკარგული ტერიტორიები და ისტორიული წყენები.
„რეალური სომხეთის“ დოქტრინა ითვალისწინებს მტკივნეული სამშვიდობო შეთანხმების დადებას მეზობელ აზერბაიჯანთან, განდგომას რუსეთისაგან და წასვლას ევროკავშირისაკენ. ეს ის არის, რასაც პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას უწოდებს. თუმცა ამ მიმართულებით პარტიის საქმიანობა სკანდალებისგან დაზღვეული არ არის. ვთქვათ, სომეხთა გენოციდის მუზეუმის დირექტორის გათავისუფლება თანამდებობიდან იმ მიზეზით, რომ მან ერევანში მყოფ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს ვენსს წიგნი აჩუქა აზერბაიჯანელების მხეცობის შესახებ, ან ის ფაქტი, რომ სომხური პასპორტიდან გაქრა შტამპი სომხეთის ეროვნული სიმბოლოს – არარატის მთის გამოსახულებით, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
წინასწარი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას“ შეუძლია არჩევნებში გაიმარჯვოს: ეს იქნება დიდი პარადოქსული მიღწევა პარტიისათვის, რომლის მმართველობის დროსაც სომხეთმა ორი დამამცირებელი მარცხი იწვნია აზერბაიჯანისგან 2020 და 2023 წლებში. მეორე მარცხის დროს, 2023 წელს, მთიანი ყარაბაღის სომხური ანკლავიდან უმოკლეს ვადაში 100 ათასი სომეხის იძულებით გამოდევნა მოხდა. ლტოლვილები დღეს ერევანში ცხოვრობენ და ეშინიათ, რომ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას ყარაბაღში (არცახში) სამუდამოდ დაკარგავენ. ამ ეტაპზე 19 სომეხი სამხედრო ტყვე ჯერ კიდევ ბაქოს ციხეში რჩება, მათ შორის, ყარაბაღის სომხური მთავრობის მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღს უღალატა.
სომხეთში საარჩევნო კამპანია თავის პიკს უახლოვდება. ნიკოლ ფაშინიანი ძალ-ღონეს და ენერგიას არ იშურებს, რომ სოციალურ ქსელებში ყველას აჩვენოს თავისი მრავალფეროვანი საქმიანობის ნიუანსები ვიდეოკადრებით – აქტიურობა დილის 5 საათიდან, ნამცხვრების ჭამით დაწყებული და რუსი როკ-ვარსკვლავის ზემფირას მოსმენით დამთავრებული. მას აქვს ასევე ჩვევა, რომ განგებ ჩაერთოს ამომრჩევლებთან მძაფრ დავა-დისკუსიებში, რომლის დროსაც იგი ოპოზიციის ლიდერებს „უტვინო ჯაშუშებს“ უწოდებს და თან ლიკვიდაციითაც ემუქრება.
ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოდის მინიმუმ სამი პრორუსული ნაციონალისტური პარტია, „ძლიერი სომხეთის“ ჩათვლით, რომელსაც რუსი-სომეხი მულტიმილიარდერი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, მან შექმნა კომპანიათა ჯგუფი „ტაშირი“, რომელიც რუსეთში მრავალმხრივ ბიზნესს, ხოლო სომხეთში ელექტროქსელებს ფლობს. გასულ კვირას სამველ კარაპეტიანმა ნიკოლ ფაშინიანი სერიოზულად დაადანაშაულა იმაში, რომ მან ჩინეთში ყოფნისას ჰალუცინაციის გამოწვევი სოკოები დააგემოვნა და ახლა სომხეთში ტონობით ასეთი სოკოს იმპორტს ახორციელებს, მას მთავრობის სხდომების წინ მიირთმევს [და შესაბამისად, ჰალუცინაციებში იმყოფება]. ნიკოლ ფაშინიანმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანს სასამართლოში უჩივლებს ასეთი ბრალდების გამო.
სამველ კარაპეტიანი სომეხ ამომრჩევლებს პირდება, რომ შექმნის „სექსის სამინისტროს“ დემოგრაფიული კრახის თავიდან ასაცილებლად. იმის დამადასტურებლად, თუ როგორ არის ერთმანეთთან გადახლართული ბიზნესი და პოლიტიკა, გახდა მისი ბრძოლა სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის პირობების წინააღმდეგ.
სამველ კარაპეტიანი გასული წლის ივლისში დააკავეს რიგი გამონათქვამების გამო, რომლებიც აღქმული იქნა როგორც „სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი მხარდაჭერად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით“. იგი შინაპატიმრობაშია და სახლიდან ეწევა წინასაარჩევნო კამპანიას (თუმცა იგი მხოლოდ სახლს კი არ ფლობს, არამედ მთელ მამულს). მას აკრძალული აქვს სომხეთის პარლამენტის წევრად არჩევა იმ მიზეზით, რომ კვიპროსისა და რუსეთის პასპორტებს ფლობს. „ძლიერი სომხეთის“ სხვა წევრებსაც ხშირად იჭერენ და დევნიან.
ადამიანის უფლებათა დამცველები, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკელი კენეტ როტი, Human Rights Watch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის პოპულისტური მმართველობა თითქმის ავტოკრატიას უთანასწორდება. მათ უჩნდებათ კითხვა – სწორად იქცევიან თუ არა ევროპელი ლიდერები, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას უწევს სომხეთის პრემიერ-მინისტრს?
ამასობაში სამველ კარაპეტიანი ნიკოლ ფაშინიანს ერის ღალატშიც ადანაშაულებს იმის გამო, რომ იგი უდიდეს დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან მიმართებით და აფრთხილებს, რომ თუ პრემიერ-მინისტრად ისევ ის იქნება არჩეული, „ჩვენ რუსეთის პროვინცია კი არ გავხდებით, არამედ აზერბაიჯანის პროვინცია“. სამველ კარაპეტიანისათვის ასეთ სიტუაციაში სამაგალითოდ ითვლება მეზობელი საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2021 წლიდან იმყოფება.
ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეები – ისეთები, როგორიცაა სომხეთის პარლამენტის საგარეო კავშირურთიერთობების მუდმივი კომიტეტის წევრი მარიამ კარაპეტიანი, ამტკიცებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის მქონე ოპონენტებს არ აქვთ ისეთი პროგრამა, რომელიც „რეალური სომხეთის“, ანუ სამომავლო სომხეთის – „მეოთხე რესპუბლიკის“ კონცეფციას შეედრება. მისი თქმით, მათ (ანუ სამველ კარაპეტიანის მომხრეებს) „ძველებურად ჰგონიათ, რომ ყარაბაღელ სომხებს უკან დაბრუნების რეალური ვარიანტი აქვთ, ისინი გვთავაზობენ, რომ ეს საკითხი ღიად დარჩეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში. მაგრამ ეს ნიშნავს ომის, კონფლიქტის დაბრუნებას. თუ თქვენ გეგმა არ გაქვთ, ესე იგი, იძულებული გახდებით გარკვეული ფასი გადაიხადოთ – სომხეთის სუვერენტიტეტის დაკარგვის სახით“.
თეთრ სახლში ხელმოწერილი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დეკლარაციის რატიფიცირების გზაზე უკანასკნელი დაბრკოლებაა აზერბაიჯანის მოთხოვნა, რომ ერევანმა კონსტიტუციიდან ამოიღოს მოწოდება მთიან ყარაბაღთან გაერთიანების შესახებ. თუმცა სომხეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ უარი თქვა ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციაში.
იცის რა, რომ ბაქოსათვის ყარაბაღის კუთვნილების საკითხი მთავარ წითელ ხაზს წარმოადგენს, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ აცხადებს, რომ ხელახლა დაწერს კონსტიტუციას, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილება აზერბიჯანის მხრიდან ზეწოლით კი არ ხდება, არამედ სომეხთა საკუთარი სურვილის თანახმად. მმართველმა პარტიამ მიზნად დაისახა, რომ კენჭისყრას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წლის ბოლომდე ჩაატარებს. ამისათვის აუცილებელია, რომ პარტიამ 7 ივნისის არჩევნებში დეპუტატთა ადგილების ორი მესამედი მიიღოს, ამის მიღწევა კი იოლი არ არის. კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას გეგმა „ბ“ რეფერენდუმის ჩასატარებლად, ნიკოლ ფაშინიანი პასუხობს: „ჩვენ უკან არ დავიხევთ. მშვიდობა და ღია საზღვრები – აი, ეს არის სწორი გზა სომხეთისათვის და საერთოდ, მთელი რეგიონისათვის“.
„სამოქალაქო შეთანხმების“ გამარჯვების შანსები მოიმატებს, თუ აზერბაიჯანი თავის მოთხოვნას არჩევნებამდე შეარბილებს, მაგრამ წავა ბაქო კომპრომისზე? ერევანი უკვე რამდენიმე თვეა ელოდება, რომ თურქეთი 1993 წელს დახურულ საზღვარს გახსნის, მაგრამ ანკარა ჯერ „ყურს არ იბერტყავს“. კარგი იქნებოდა და ნიკოლ ფაშინიანს დაეხმარებოდა ბაქოს ციხიდან 19 სომეხი ტყვის გათავისუფლებაც, მაგრამ ბაქოც ჯერ ჩუმად არის.
როგორც ტიგრან გრიგორიანი, ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი, ამბობს: „სრულიად შესაძლებელია, რომ სომხეთის მმართველი პარტია ახალ კონსტიტუციას ვერ მიიღებს და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ჩვენ წინ გველოდება ხანგრძლივი პერიოდი – „არც ომი და არც მშვიდობა“. იმავდროულად, სომხეთის პოლიტიკა უფრო პარალიზებული გახდება – ერთი მხრივ, პრორუსული ოპოზიციით და მეორე მხრივ, სულ უფრო ავტორიტარული მთავრობით“.
ტიგრან გრიგორიანს კითხვა უჩნდება, შეუძლია თუ არა მოსკოვიდან წასვლა ევროპისაკენ დასუსტებულ ნიკოლ ფაშინიანს ისე, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომები არ გამოიწვიოს.
ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ სომხეთს რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა საკითხზე – სურთ თუ არა სომხებს იყონ ევროკავშირის წევრები, ან დარჩნენ რუსების მიერ კონტროლირებად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებად.
რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხს საპარლამენტო არჩევნების წინ აყენებს იმიტომ, რომ იცის – ევროკავშირის წევრობა სომხეთისათვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულ საკითხად რჩება. ამას იგი იმიტომ აკეთებს, რომ დისკუსიების პროვოცირება მოახდინოს განხეთქილების შემტან საკითხზე იმ მიზნით, რომ ხალხი თვითონ დარწმუნდეს – პრორუსული კანდიდატების არჩევა მათთვის უფრო მომგებიანია.
ჯერ-ჯერობით რუსეთი მხოლოდ შედარებით სუსტ სიგნალებს უგზავნის ერევანს თავისი არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებაზე სომხეთის პროევროპული პოზიციის მიმართ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა აკრძალა სომხური პროდუქციის იმპორტი რუსეთში, მათ შორის მინერალური წყალი „ჯერმუკიც“. როგორც ტიგრან გრიგორიანი ამბობს, „წითელ ხაზად“ შეიძლება იქცეს სომხეთის რკინიგზების ნაციონალიზაციის საკითხი, რომელსაც ამჟამად რუსეთის აკონტროლებს და ვალებში „ყელამდეა“ ჩაფლული.
ვლადიმერ პუტინის ყურადღება უკრაინით რომ არ იყოს დაკავებული, მას შეეძლო, ვთქვათ, სუბსიდიების გაუქმება სომხეთისათვის მიწოდებულ იაფფასიან ბუნებრივ გაზზე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.
ემანუელ მაკრონი, რომელიც სომხეთს ორიოდე კვირის წინ ეწვია სახელმწიფო ვიზიტით და მონაწილეობა მიიღო „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ ფორუმში, რუსეთი ღალატში დაადანაშაულა და არამარტო უკრაინის საკითხში: დაიმოწმა რა ის ფაქტი, რომ რუსეთი, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სომხეთს არ დაეხმარა, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა: „რუსეთი სომხეთის გვერდით არ დამდგარა ისევე, როგორც არ დადგა ვენესუელის, სირიისა და ირანის გვერდით“. ნიკოლ ფაშინიანი უფრო შორს წავიდა: მან ხელი ჩამოართვა ვოლოდიმირ ზელენსკის და ისინი ნაცვლად რუსულისა, განგებ ლაპარაკობდნენ ინგლისურად, რითაც კრემლის განრისხებას ცდილობდნენ.
მარიამ კარაპეტიანი უარყოფს, რომ მისი პარტიის შებრუნება ევროპისაკენ უბრალოდ, მირაჟია და მეტი არაფერი, ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
მისი თქმით, „ჩვენ ახლა აზრთა იმ სისტემიდან გავდივართ, რომლის თანახმად, რუსეთს მფარველად და გადამრჩენლად ვხედავდით. ამიტომაც ახალ სისტემაში შესვლას არ ვჩქარობთ. ჩემი პარტია თვლის, რომ ევროპის კავშირი ჩვენს ყველა პრობლემას მოაგვარებს. ჩემი პარტია თვლის, რომ მფარველების ძებნა საჭირო არ არის. ჩვენ გვაწყობს ის, რომ ჩვენი გადარჩენა [რუსეთს] არ სურს“.

