“პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 26 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის ედვარდ ლიუსის სტატია სათაურით: „პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს“, რომელშიც გაანალიზებულია აშშ-სა და რუსეთის მდგომარეობა უკრაინასთან და ირანთან ომების პირობებში. ავტორის აზრით, აშშ და რუსეთი წამგებიან მდგომარეობაში მოექცნენ, სიტუაცია მომგებიანია როგორც ჩინეთის, ასევე უკრაინისა და ირანისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა რუსეთის არმია, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში შეიჭრა, დონალდ ტრამპმა კრემლის ნაბიჯს „გენიალური“ უწოდა, თუმცა სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის ომი დიდი სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომას წარმოადგენდა, ჩვენს დროში დაშვებულს, სანამ დონალდ ტრამპმა თვითონ არ დაიწყო სამი თვის წინ მსგავსი ომი ირანის წინააღმდეგ, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“.

ორივე ლიდერმა ფსონი სუსტ მოწინააღმდეგეზე დადო და იმედოვნებდნენ, რომ გამარჯვებას ორიოდე დღეში მოიპოვებდნენ. თითოეულმა მათგანმა თავისი გადაწყვეტილებით საკუთარი ქვეყანა ისეთ ხარჯებში გადააგდო, რომლის მძიმე შედეგები კიდევ მრავალ წელს იქნება საგრძნობი, როცა ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს ვერავინ ვერ შეედრება იმაში, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ საკუთარი ძლიერი მხარეები – კოზირები დაკარგოს. შესაბამისად, კრემლისა და თეთრი სახლის ომების გამო, ყველაზე მეტი კოზირები ხელში ჩინეთს ჩაუვარდა – პეკინი მათი მთავარი ბენეფიციარი გახდა.

ამერიკელი მემარჯვენე „ქორების“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ირანისა და უკრაინის რეჟიმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ამიტომ მათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება: ერთში ბნელი თეოკრატიული ხელისუფლებაა, მეორეში დემოკრატიული კანონები მოქმედებს (თუმცა ქვეყანა კორუმპირებულია). მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ სტრატეგია იზომება რეალური შედეგებით და არა ცარიელი ოცნებებით.

„ეპიკური მრისხანების“ მომხრეების მტკიცებით, ომის პროვოცირება ირანმა მოახდინა, მმართველი რეჟიმის თავისებურების შედეგად. იგივეს ამბობენ უკრაინის მიმართ ამერიკელი მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომლებიც ერთნაირად არიან შეპყრობილნი სინდრომით „ნატო საფრთხეშია“. ორივე ვერსია იდეოლოგიურად არასწორია: თითოეული ომი საკუთარი არჩევანით და გადაწყვეტილების შედეგს წარმოადგენს. სპარსეთის ყურეში დონალდ ტრამპის მიზანსა და შედეგს შორის განსხვავება ისეთივეა, როგორიც ვლადიმერ პუტინისათვის დონბასში.

ვერცერთს ვერ შეუძლია იმ ხაფანგიდან გამოსვლა, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე მოუმზადეს. ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში მის „სპეციალური ოპერაციას“ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს: საეჭვოა, რომ მან რეალობა აღიაროს და საკუთარ ხალხს ეს უთხრას – იმიტომ მას სიმართლის გაჟღერება თანამდებობის დატოვებად დაუჯდება და შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი. დონალდ ტრამპის შემთხვევაში კი ფსიქოლოგიური ბარიერი მის სიამაყეს და პოლიტიკას უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტი ახლა ცდილობს მოსახლეობის ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზე გადაიტანოს, მაგრამ ვერანაირი საინფორმაციო მაქინაციები ვერ გადაარჩენს მას იმ დამცირებისაგან, რომელიც ირანის მმართველ რეჟიმთან მოლაპარაკებაში გამოიხატება – ანუ იმ რეჟიმთან, რომლის განადგურებაზე მან რამდენჯერმე განაცხადა, სინამდვილეში კი აიათოლების ხელისუფლება, პირიქით, განამტკიცა.

კრემლისა და თეთრი სახლის კოზირების ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელშიც აღმოჩნდა. უკრაინამ ბრძოლის ველი რუსების სასაკლაოდ გადააქცია. რუსი სამხედრო მოსამსახურეების მსხვერპლი თვეში 35 ათასს აღწევს. უკრაინას აქვს შესაძლებლობა რეგულარულად განახორციელოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტების მიმართ, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებული და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობენ. ვლადიმერ პუტინს მოუწია დონალდ ტრამპისათვის ეთხოვა, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ეთქვა – 9 მაისს წითელი მოედანს ნუ დაბომბავო. ვლადიმერ პუტინმა თავის დროზე რუსებს აღუთქვა, რომ ომებით მათ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა: ომებით გამოწვეული დემოგრაფიული და ეკონომიკური ზარალი ისეთი დიდია, რომ მის ხელისუფლებას წალეკვით ემუქრება.

უკრაინასაც სულ უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება დონალდ ტრამპთან თამაშისათვის. სანამ პენტაგონი სწრაფად ხარჯავდა რაკეტებს სპარსეთის ყურეში ირანის წინააღმდეგ ომისათვის, კიევმა რეალობა გააცნობიერა და ომის წარმოების ახალი წესები შეიმუშავა: უკრაინის უნარმა, რომ იაფფასიანი და კუსტარული საშუალებებით რუსული ძვირადღირებული რაკეტები ჩამოაგდოს, სამხედრო ეკონომიკაში რევოლუცია მოახდინა. იგივე შეიძლება ითქვას ირანის უნარზე, რომელმაც დრონებით ჰორმუზის სრუტის ბლოკირება განახორციელა.

თეთრი სახლი და კრემლი სამხედრო ძლიერებისა და პრესტიჟის შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტ სახსრებს ხარჯავენ. ამერიკული ავიამზიდები მცურავ სპილოებად არიან გადაქცეულნი. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ არავითარი კოზირები არ აქვს, უკრაინას ხელში გავლენის ახალი ბერკეტები ჩაუვარდა. კიევმა და ვაშინგტონმა როლები გაცვალეს: უკრაინა ახლა აშშ-ს და მის მოკავშირეებს ეხმარება სპარსეთის ყურეში.

გეოპოლიტიკური ზიანი, რომელიც აშშ-მა და რუსეთმა საკუთარ თავს მიაყენეს, სრულიად თანაბარია: რუსეთს არ შესწევს უკრაინის დამორჩილების უნარი, რის შედეგადაც პუტინის ომი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ომად გადაიქცა. ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ინიციატივით – ფინეთის მიმართ დაწყებული მუქარებით – კიდევ უფრო გააფართოვა ნატოს საზღვარი რუსეთთან, ანუ დამატებითი საფრთხე გაიჩინა. ანალოგიურად მოიქცა დონალდ ტრამპიც: მას ეგონა, რომ აიათოლა ალი ჰამენეის მკვლელობის შემდეგ ირანიც ვენესუელისებურად მოიქცეოდა და ახალ ლიდერად ვინმე კოლაბორაციონისტსა და დამთმობ პიროვნებას აირჩევდა, მაგრამ მისი ფანტაზიები არ ახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ექსპერტებს არ დაუჯერა და მიიღო ის, რაც მიიღო.

თანამედროვე პირობებში ბევრი იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მათ შორის იმისიც, რომ ნატო ამერიკის შეთქმულების ნაყოფს წარმოადგენს, რუსეთის ალყაში მოსაქცევად. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად ხელს უწყობს ნატოს შინაგანი სიმტკიცის რღვევას. ახლა რთული ეპოქა დადგა ნებისმიერი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისთვის: ნეო კონსერვატორებიც და MAG-ს („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) მომხრეებიც სულელურად გამოიყურებიან: პირველები მხარს უჭერენ დაუფიქრებელი ომის გაგრძელებას, მეორენი კი დონალდ ტრამპის მიმართ ისევ ნდობას გამოხატავენ. ასევე რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან რეალისტებიც. მართალია, ჩინეთი მოგებული რჩება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის უხეში შეცდომებით, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებულები უფრო მეტად საშუალო ქვეყნები გამოდიან.

აშშ-ის გავლენა ახლო აღმოსავლეთში დასუსტებულია. ირანი, დიდი ალბათობით, რეგიონულ ძალად გადაიქცევა, რომელსაც სპარსეთის ყურის სახელმწიფოები აღიარებენ და შეურიგდებიან. უკრაინა, როგორც მინიმუმი, პოსტ ამერიკული ნატოს საკვანძო პარტნიორი გახდება (თუ აშშ ნატოს დატოვებს). კიევი და თეირანი სრულიად სხვადასხვანაირად აჩვენებენ მსოფლიოს, თუ როგორც შეიძლება კოლოსების წაქცევა. ტაივანი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ გაკვეთილებს სწავლობს.

წყარო: