მეუფე შიო -უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს

უფალი ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ხსნისა და წყალობისთვის. ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ეს არ ძალგვიძს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ გარდამოხსნის წესი შესრულდა.

მეუფე შიოს თქმით, „ჩვენი სურვილი თუ ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია, უფალი აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს და განგვწმენდს“.

„ჩვენი ეკლესიის დიდებული და უძველესი ღვთისმსახურების მეშვეობით, რომელიც შეადგინეს დიდმა წმინდა მამებმა, ცნობილმა ჰიმნოგრაფებმა, საუკეთესო პოეტებმა, მოაზროვნეებმა, ბრძენკაცებმა, გვაქვს საშუალება, არა მხოლოდ შევიტყოთ უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებული ამბები სახარებიდან, არამედ ღვთისმსახურების მეშვეობით გავხდეთ ამ ამბების მონაწილენი. ამიტომ ჩვენ დღეს გამოვაბრძანეთ წმინდა გარდამოხსნა და ყველანი ვართ მონაწილენი ამ მოვლენის. აქ შეკრებილნი არიან, შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ ყვიროდნენ – ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი, არამედ ვინც ვეუბნებით უფალს – შეგვინდე უფალო. ჩვენ ეკლესიის მიერ ვართ განსწავლულნი, ვიცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამთ უფალს, იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან. ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაათავისუფლა ამ ტვირთისგან – ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი, რომელმაც ისე განიცადა უდანაშაულო მაცხოვრის ტანჯვები, რომ თავისი ცოდვები აღიარა და სინანულით მიმართა მაცხოვარს ჯვარიდან. უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის. მრავალი ჩვენგანი და ზოგიერთი წლების განმავლობაშიც კი, დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში ღმერთის გარეშე, თავისი ძალებით. ეს უშედეგო მცდელობაა. მხოლოდ ამპარტავნული, უგუნური მცდელობაა, რადგან ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ეს არ ძალგვიძს. შეიძლება, გარეგნულად ოდნავ შევცვალოთ ჩვენი ქცევა, მაგრამ ჩვენთვის მიუღწეველია, შევიცვალოთ შინაგანად, როგორც ამბობს უფალი, რომ უჩემოდ არაფერი შეგიძლიათ. ძვირფასო ძმებო და დებო, უფალს სურს ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა, უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია, განმწმინდოო. რა მიუგო უფალმა? – მნებავს, განიწმინდეო. უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანისა და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, ჩვენი გამოსწორებაც, განწმენდაც უფალს უფრო მეტად სურს, ვიდრე ჩვენ გვინდა. ჩვენი სურვილი თუ ნამდვილი, ძლიერი, სერიზულია და მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს და განგვწმენდს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.