“რუსეთი ყოველდღიურად ნავთობის გაყიდვისაგან 150 მილიონ დოლარზე მეტს იღებს”-Financial Times

მოსკოვს იმედი აქვს, რომ შექმნილი სიტუაციით სრულად ისარგებლებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რომ ფასების მატების გათვალისწინებით, ევროპას აქვს შესაძლებლობა რუსულ იაფ ნავთობს დაუბრუნდეს.

რა თქმა უნდა, შექმნილმა სიტუაციამ უკრაინის მოკავშირეები შეაშფოთა. ენერგეტიკული კომპანიების მიერ მომზადებული კვლევების შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები, გაძვირებული ნავთობის გამო, იძულებულნი გახდებიან გადადონ რუსულ იაფ ენერგომატარებლებზე (მათ შორის თხევად გაზზეც) დაგეგმილი უარი, რაც თავის მხრივ, მოსკოვის იზოლაციის მცდელობის შანსს ნოლამდე დაიყვანს.

კვლევებში ასევე რეკომენდებულია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იკისრონ საკუთარ თავზე ომის დეესკალაცია და ევროპის (ასევე ინდოეთის) ბაზარზე თავიანთი წილი რუსეთს არ დაუთმონ.

„ინდოეთისათვის ნავთობის მიწოდების მიმდინარე გრაფიკის გათვალისწინებით, რუსული ექსპორტი დღეში 2 მილიონ ბარელს შეადგენს“, – ამბობს სუმიტ რიტოლია, კომპანია  Kpler-ის ანალიტიკოსი ნიუ-დელში, – „გამოდის, რომ ირანთან ომში მთავარ გამარჯვებულს რუსეთი წარმოადგენს“.

იმავე კომპანიის ექსპერტის ვაიბჰავ რაჰუნანდანას თქმით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტი გადაკეტვის გამო შექმნილმა ვითარებამ საერთაშორისო ქაოსი გამოიწვია – მსოფლიო ბაზრიდან ყოველდღიურად სპარსეთის ყურის ქვეყნების დაახლოებით 60 მილიონი ტონა ნავთობი და 7 მილიონი ტონა თხევადი გაზი „განდევნა“.

ცდილობენ რა ახლო აღმოსავლურ/არაბული ნავთობის ჩანაცვლებას, ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 22%-ით გაზარდეს. „თუ კრიზისი გაგრძელდება, პეკინი და ნიუ-დელი ერთმანეთთან მეტოქეობას დაიწყებენ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო“, – ვარაუდობს სერგეი ვაკულენკო, კარნეგის ფონდის ბერლინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

ერთ ბარელ ნავთობზე საშუალო ფასის 10 დოლარამდე ზრდა რუს ექსპორტიორებს დღეში დამატებით 2,8 მილიარდი დოლარის მოგებას აძლევს, რომლისგანაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1,68 მილიარდი დოლარი შედის, გადასახადების სახით“, – აღნიშნავს სერგეი ვაკულენკო. უხეშად თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტი დღეში დამატებით 54 მილიონ ნავთობ/დოლარს იღებს.

ამასთან, რუსეთმა წინა თვეებში ნავთობის ფასების შემცირებით მიყენებული ზარალი რომ აინაზღაუროს, საჭიროა მიმდინარე საბაზროს ფასები უცვლელი დარჩეს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად 2022 წლის შემდეგ, რუსეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვან პრობლემების წინაშე დადგა. კრემლი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ხარჯები თვით სამხედრო სფეროშიც შეემცირებინა, მინიმუმ 10%-ით მაინც. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ჩინოვნიკები საკმაოდ შეფიქრიანებულნი იყვნენ, თუ როგორ შეემცირებინათ საბიუჯეტო დეფიციტი აპრილის თვისათვის. ახლა კი, ახლო აღმოსავლეთის ომის დახმარებით, ისინი იმედოვნებენ, რომ დეფიციტს მთლიანად გაუმკლავდებიან.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ირანის ომის გაჭიანურების შემთხვევაში, რუსეთს აქვს დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ ნავთობის მოპოვება და ექსპორტი გაზარდოს. ამჟამად რუსეთი დღე-ღამეში 300 ათას ბარელ ნავთობს იღებს მიწის წიაღიდან, რაც საკმაოდ ნაკლებია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციის Opec+-ის ნებადართულ ქვოთაზე.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ რუსეთს ნამდვილად აქვს საწარმოო სიმძლავრეები იმისათვის, რომ დღე-ღამეში 400 ათასი ბარელი ნავთობი მოიპოვოს. თუმცა მოსკოვს ამ მოცულობის მისაღწევად მინიმუმ 2-3 თვე მაინც დაჭირდება“, – ამბობს რონალდ სმიტი, კონსალტინგური კომპანიის Emerging Markets Oil and Gas Consulting Partners-ის ხელმძღვანელი.

რამდენად შეძლებს რუსეთი თავისი პოტენციალის სრულად გამოყენებას? ცხადია, რომ ეს დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, რომლებიც კრემლის კონტროლს არ ექვემდებარებიან. „ჯერ-ჯერობით უცნობია ომის პერსპექტივა, ასევე არავინ იცის რამდენად შეასუსტებს სანქციებს აშშ-ის პრეზიდენტი“, – ამბობს ექსპერტი მაიკლ მოინიჰანი, კომპანია Wood Mackenzie-ს დირექტორი, – მით უმეტეს იმ დროს, როცა პარალელურად უკრაინის ომიც გრძელდება“.

წყარო: