ევროპარლამენტმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ” რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას”.
ევროპარლამენტი „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია”.
ამასთან, ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს”.
ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს, მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ, ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიო,რგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება”.
რეზოლუცია „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი”.
ამასთან, დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია”.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ”.
ევროპარლამენტი ასევე „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე”.

