ერთია, კომისიის დასკვნაში რას წერენ, მეორეა, რა განცხადებებს ვისმენთ. სწორედ აქ უნდა გავავლოთ მკაფიო ხაზი არარჩეულ ბიუროკრატიას, მათ ბინძურ პოლიტიკასა და რეალობას შორის. რეალობას ჩვენ კარგად ვაფასებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა.
„გეოგრაფია ვინც უგულებელყო, ვნახეთ, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა როგორ დაამთავრა. შუა დერეფანზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ჩვენ ვუვლით და ვუფრთხილდებით. ჩვენი მიზანია, მშვიდობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ავწიოთ ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას ბუნებრივად აქვს. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ როლს მოვუფრთხილდეთ. ანგარიშში ჩანაწერი შავით თეთრზეა. ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს თაობაზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო. საქართველოს ამ როლის დაკნინება შიგნითაც ხდებოდა. გვახსოვს, შეტევები ინვესტიციებზე. რა თქმა უნდა, ამ აგენტების მცდელობა დავალება იყო. ერთია, კომისიის დასკვნაში რას წერენ, მაგრამ მეორეა, რა განცხადებებს ვისმენთ. სწორედ აქ უნდა გავავლოთ მკაფიო ხაზი არარჩეულ ბიუროკრატიას, მათ ბინძურ პოლიტიკასა და რეალობას შორის. რეალობას ჩვენ კარგად ვაფასებთ.
როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ევროპას ასე სჭირდება საქართველო. ეს გამომდინარეობს გეოგრაფიული მდებარეობიდანაც. ინსტიტუციურ დონეზე არასოდეს შეგვიწყვეტია და ყოველთვის მაღალ დონეზე იყო ურთიერთობები. ეს არის საწინდარი იმ სტატისტიკის და დასკვნის, რასაც კვირიდან კვირამდე ვხედავთ. ტრაგიკომედიაა, როცა ანაკლიის პორტზე „ლელო” აკეთებს განცხადებას. ვნახეთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა საერთაშორისო არბიტრაჟებში როგორ დაასრულეს. ისინი არიან თაღლითების პარტია, ის ორი ადამიანი ხანდაზმული თაღლითები არიან. მათ მიმართ ეს სახელი სწორად შეირჩა. ვიცით მთელი ქრონოლოგია, რა გაუკეთეს საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება”.

