საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა.
ცნობილი ქართველი დისიდენტი 1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტოფაში დაიღუპა. თუმცა, რამდენად იყო ეს მართლაც უბედური შემთხვევა და არა მოწყობილი მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი დღემდე არ არსებობს.
ბორითთან მომხდარი ავარია დღემდე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ორი თვალსაჩინო ლიდერი შეიწირა. ავარიდან 69-ე დღეს ზურაბ ჭავჭავაძეც გარდაიცვალა.
ქართველი დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, პოეტი, მუსიკათმცოდნე, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.
1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ – სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის “ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი.
1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ ჩამოაყალიბა. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა თუ დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. „შავლეგოდ“ წოდებული მერაბი 9 აპრილის ღამეს ერთგულად იდგა ხალხის გვერდით. 1989 წლის 9 აპრილს მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს, მიტინგის ორგანიზების საბაბით.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.
მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1993 წლის სექტემბერში, ზუგდიდში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმისრის წოდება მიანიჭა. ქალაქ თბილისში მთავარ ქუჩას და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი. დაარსდა მერაბ კოსტავას სახელობის ლიტერატურულ-დრამატული თეატრი თბილისსა და ქუთაისში. Nr. 8 სამუსიკო სკოლას, სადაც იგი მუშაობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი.
2007 წელს – ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი დაიდგა. 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი გაიხსნა.
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს, რისთვისაც მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები.