საკრებულოში საქართველოს ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში’’ ფარგლებში, წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრების და პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა.

 

სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს სხვა წევრებმა უმასპინძლეს.

 

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა იტალიაში, პიზის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა, სადაც ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

მისასალმებელი სიტყვით სპორტსმენებს  გიორგი ჩაკვეტაძემ მიმართა, კიდევ ერთი გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს კომპანიის -,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში’’ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, რომელიც 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი და არაერთი სხვა მაღალი რანგის მფლობელია.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრების წარმატებებზე ისაუბრა და მათ, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებასა და გვერდზე დგომას დაჰპირდა.

 

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს საკრებულოში წარმატებულ სპორტსმენებს ვმასპინძლობთ. მინდა თითოეულ თქვენგანს ქვეყნის წინაშე გაწეული დიდი წვლილის გამო  მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ბევრი ადამიანისთვის ხართ მაგალითის მიმცემნი და ჩვენც, შესაძლებლობების ფარგლებში, თქვენს დასახმარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ’’, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად სტუმრებს სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

შეხვედრას პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – რატი იონათამიშვილი, ა(ა)იპ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი – შალვა მაისურაძე, ქალთა ნაკრები: ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, მთავარი მწვრთნელი – მალხაზ მესხი, ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი-ირაკლი გვილავა. და თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი – გიგა სოფრომაძე ესწრებოდნენ.