დიდი ბრიტანეთს დედოფლის, ელისაბედ მეორის ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადმოასვენეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომლითაც მონარქის ცხედარი შოტლანდიიდან გადმოასვენეს, ნორსოლტის აეროპორტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი შეხვდნენ. ამის შემდეგაც კორტეჟი ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც მას მეფე ჩარლზ მესამე, პრინცები უილიამი და ჰარი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები დახვდნენ. სასახლესთან კორტეჟის გამოჩენას მოსახლეობა ტაშით შეხვდა.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.
ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე, 19 სექტემბერს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. მონარქის დაკრძალვის ცერემონიას მედიაში ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში ყველაზე დიდი დიპლომატიური შეკრება უწოდეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი, ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.