“ქალბატონო სალომე, ნუ იწვალებთ თავს და ნურც საქართველოს ტანჯავთ!”- ლევან მამალაძე

ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
 
“ქალბატონო სალომე, ნუ იწვალებთ თავს და ნურც საქართველოს ტანჯავთ!
 
მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, გადადექით!
 
როცა პარლამენტარები „ნულად“ შეგაფასებენ, ვეტოაყრილ მდგომარეობაში ჩადგები, პატივმოყვარე ადამიანი და მით უფრო პრეზიდენტი გადადგება და ახალი არჩევნების ჩატარების პროცედურას დაიწყებს!
 
4 წელია რაც პრეზიდენტი ხართ და ძნელია თქვა თუ რა სარგებლობა მოუტანეთ ქვეყანას. კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები დან ჯეროვნად რომელი შეასრულეთ?!
 
 როგორც სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რა გააკეთეთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ან აგრესორთან მოლაპარაკების წარმართვისათვის?! რა წინადადება მოამზადეთ მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების ხელშესაწყობად, მცოცავი ბორდერიზაციის შესაჩერებლად , აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის დასაწყებად?! რატომ ვერ პასუხობთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და მის წარმომადგენლებს, რომელნიც არ წყვეტენ საქართველოს მიმართ აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რევოლუციითა და არეულობით იმუქრებიან !
 
– როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რითი დაეხმარეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ამ რთულ და სახიფათო ვითარებაში?! რატომ ვერ გაუკეთეთ ორგანიზება თავდაცვის საბჭოს საქმიანობას და ვერ დასახეთ სტრატეგიული გეგმა საქართველოს გაძლიერებისათვის?! რატომა არ შეაღეთ ყველა კარები ნატო-სა და აშშ-ში, რომ მიეწოდოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებები, რაც ჩვენი პატარა ტერიტორიის რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან დასაცავად არის საჭირო?! რით ვერ განაწყვეთ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს სასარგებლოდ, რომელნიც რუსეთის კარნახით ყოველთვის ბლოკავენ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას!
 
 რა გააკეთეთ როგორც საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებში?! რატომ არ შეადგინეთ საქართველოს მთავრობასთან ერთიანი სამოქმედო გეგმა, ევრო კავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. რატომ არ იცავთ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს საგარეო ურთიერთობებში და მხოლოდ ევროპის ზოგიერთი ლიდერის პოზიციას აჟღერებთ! რომელი ქვეყნის ელჩს ან წარმომადგენელს უპასუხეთ, საქართველოს დამცირებისთი და ვერ განუმარტეთ მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები? ან რატომ არ გაეცით პასუხი ანგაჟირებულ ევროპარლამენტარებს და უკრაინელ „მოღვაწეებს“, რომელნიც საქართველოს ომში ჩართვისთვის იბრძვიან და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქებზე სანქციების დაწესებას ლობირებენ?! რამდენჯერ უშედეგოდ შეხვდით ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელს, რისთვის იყო ეს შეხვედრები, როცა ევროკავშირის მოთხოვნათა შესრულებით წარჩინებული საქართველო უკრაინის და მოლდოვას უკან დააყენეს. აქამდე როგორ ვერ აუხსენით თქვენს პრეზიდენტს, საფრანგეთის მეთაურს ემანუილ მარკონს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა , ეს ევროკაშირის წევრობის კანდიდატის მიღებაზე უარის მიზეზი რომ არ გამხდარიყო?!
 
ან რტომ აქციეთ თქვენი უფლებამოსილების გამოყენება, პოლიტიკური ინტრიგებისა და დაპირისპირების საშუალებად?! მათ შორის შეწყალების უფლებაც, ხომ უსამართლობის, პოლიტიკური გარიგების და უფლებათა შელახვის საგნად აქციეთ!
 
თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოების გაერთიანების ნაცვლად დაპირისპირება გააღვივეთ! მათ ვისაც სისხლიან მოძალადეებად მოიხსენიებდით , ისინი ვინც თქვენგან კომიკურ პერსონაჟს ქმნიდნენ, დღეს მომხრეებად გახადეთ! საზოგადოება ამიტომ გახსენებს თქვენ , თუ ვისი მხარდაჭერით გაიმარჯვეთ არჩევნებში!
 
გასაგებია პროტოკოლი, მანერები და წვეულებები, ასევე არაფერია ცუდი იმაში, რომ პრეზიდენტმა თავისი დრო საქართველოს ტურისტული მარშრუტების გაცნობას და ღვინის ნაწარმის დაგემოვნებას დაუთმოს, მაგრამ გამოწვევების გარემოცვაში მყოფ საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტის ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ძირითადად ამგვარი საქმიანობით იყოს დატვირთული.
 
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი , რომ დაშვებული შეცდომები სხვას გადააბრალოს და თავი მართლად წარმოაჩინოს. ამ განცდით , თქვენ შეიძლება ყველაფერი მთავრობას გადააბრალოთ, ან მას ვინც საქართვლოს პრეზიდენტად ყოფნის უნიკალური საშუალება მოგცათ. მათ მიმართაც უამრავი კითხვა აქვს საზოგადოებას, მაგრამ გამართლების ძიების გარეშე , თქვენ თავს კითხეთ , რა არ გააკეთე და რატომ დააკელით ამდენი საქართველოს?! ვიზე მუშაობთ ქალბატონო პრეზიდენტო?!
 
გულსატკენია, როცა საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტი, როგორც ბევრი აღნიშნავს, „განულებისკენ“ მიისწრაფის, რასაც „ვეტოაყრილ“ მდგომარეობაში ყოფნა და „ჭკუის მასწავლებელ“ ელჩებთან ჩახუტება უწყობს ხელს! პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ სიმბოლოს წარმოდგენს და ეს ბოლომდე რომ არ გაუფასურდეს, თქვენი გადადგომა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება!
 
თქვენი გადადგომით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა გამარტივებული წესით პირველად ჩატარდება. ეს არ იქნება პირდაპირი საყოველთაო არჩევნები, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, შედგება საარჩევნო კოლეგია 300 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევს ახალ პრეზიდენტს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ახალ არჩევნებში და შედეგებით დარწმუნდეთ რამდენად ლეგიტიმურია ზემოთ დასმული კითხვები!
 
საქართველოს კი ისეთი პრეზიდენტი სჭირდება , რომელიც უცილობლად დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, დაიწყებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, რეალურად გააერთიანებს და შეარიგებს ქართველ ხალხს, დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს საჭიროებაში, დააბალანსებს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოწინააღმდეგეებთან, ქვეყანას შეუქმნის უსაფრთხოების დამატებით საშუალებებს, ევრო კავშირისა და ნატო-სთვის აუცილებელს გახდის საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას, მთლიანობაში გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და აამაღლებს მის სტატუსს!
 
პატივისცემით 
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
P.S ქალბატონო სალომე არაფერი პირადი, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები!”