საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის შეფასებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა არც ვენეციის კომისიის და არც მათი მოთხოვნები.
“მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თავის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები წარმოადგინა, პრემიერი დღეს პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო კანონზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ახლა დამთხვევაა თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს“,-განაცხადა მსხილაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოება, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს კიბერდანაშაული თუ ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რაც სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა“,-განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
მისი განმარტებით, ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები და კრიტიკული დასკვნები გამოაქვეყნა.
პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.