ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველ ადგილზე AIC-მა (იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია) დაასახელა.
ინფორმაციას იტალიური პორტალი Ultimo Uomo ავრცელებს.
„ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა ხვიჩა კვარაცხელიასთვის. „ნაპოლის“ ქართველი ვინგერი AIC-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიიღებს. მისმა კოლეგებმა ხმა მისცეს, როგორც თვის საუკეთესო მოთამაშეს აგვისტოში ნათამაშები სამი ტურის შედეგებით. ხმის მიცემა დასრულდა „ლეჩესთან“ მატჩამდე. კვარაცხელიას ხმა გამოკითხულთა 67%-მა მისცა და გაასწრო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს (რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა „ინტერში“), კალულუს (ასევე შესანიშნავ ფორმაშია) და ჩემპიონატის კიდევ ერთ სასიამოვნო სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს“, – წერს იტალიური პორტალი.
ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებს და მისი გამოკითხვა ყველაზე ავტორიტეტულად და პრესტიჟულად ითვლება. ორჯერ ტურის ნაკრებში შეყვანილმა ქართველმა მოთამაშემ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.