საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. ვახტანგ გომელაური ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ხანძრის კერები არ ვრცელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.