დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.
სახელმწიფო ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ გუშინ გაავრცელა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინელებს მოუწოდა დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული, ხარკოვში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა უკრაინის მოსახლეობა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც და თანამემამულეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ჩვენი მტრისთვისაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშებს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და აუცილებლად ვუპასუხებთ რუსული ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის უმაღლესმა რადამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
დამოუკიდებლობის აქტი გაამყარა 1 დეკემბერს ჩატარებულმა რეფერენდუმმა, როდესაც უკრაინელების 90%-ზე მეტმა უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მეორე დღეს უკრაინის დამოუკიდებლობა კანადამ და პოლონეთმა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა აღიარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომშია, უკრაინამ არ უღალატა ტრადიციას და ერთი დღით ადრე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
“უკრაინის სახელმწიფო დროშა სამუდამოდ დაბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა კიევის ცენტრში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში. ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში.
19:00-19:30 – მონაწილეთა შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის მონუმენტთან;
19:30 – მსვლელობის დაწყება;
19:30-20:00 – მსვლელობა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის წინ მოედნის მიმართულებით;
20:00-21:00 – აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.
“24 აგვისტოს 6 თვე სრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინა იბრძვის რუსი აგრესორის წინააღმდეგ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა ცივილიზებული ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. საუბარია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, არამედ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე რუსეთისგან და მისი ტოქსიკური ზეგავლენისა და მმართველობის ავტორიტარული ფორმისგან. უკრაინა იცავს მთელი დემოკრატიული სამყაროს ღირებულებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამიტომ უკრაინას მთელი მსოფლიო უჭერს მხარს.
ამ ექვსთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა აჩვენა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. დღეს უკრაინელებთან ერთად ბევრი ქართველი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინის მიწაზე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ვამაყობთ საქართველოთი და უაღრესად მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის.
ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს, შეუერთდნენ მადლიერების მსვლელობას, პატივი მიაგონ უკრაინის დამცველებს, მსვლელობას, რომელიც უკრაინის ერთიანობისა და სიყვარულის ეგიდით იმართება. ჩაიცვით ნაქარგი პერანგი ან ტანსაცმელი უკრაინული სიმბოლოებით, აიღეთ დროშები, ყვავილები, დახატეთ პლაკატები თქვენი მშობლიური ქალაქის სახელით, რომლის დატოვებაც მოგიწიათ ომის გამო. წამოიყვანეთ თქვენი მეგობრები და ახალი ნაცნობები. ბევრნი უნდა ვიყოთ! ჩვენ ერთად ვართ ძლიერები და ერთად გავიმარჯვებთ!”– ნათქვამია განცხადებაში.