საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკული დაფინანსებით, როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს ასეთი გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ISFED- ი საზოგადოებას რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ მოევლინა, მანამდე კი, აქტიურად იყო ჩართული ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში.
„როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED-ი მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ISFED-ი აქაც მოგვევლინა რევოლუციური პროცესის თანამონაწილედ. როდესაც ამის შემდეგ საელჩო ISFED-ს უწოდებს ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ეს ჩვენთვის ბუნებრივია, არის გასაკვირი. საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.