“…და ახლოვდება ამ წლის ფერიცვალებაც, ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაული… იმედს, რწმენას და ნუგეშს რომ გიორმაგებს… თავიდან დაბადების სურვილს გიჩენს… ან რა აზრი აქვს დღესასწაულებს, ცვლილებების, შემეცნების, საკუთარი თავის შესწავლის გარეშე…”წერს სოციალურ ქსელში სასხორის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია)
თაბორის მთაზე მომხდარი სასწაული ყოველთვის გვამზადებს სასიკეთო გარდასახვისთვის…
დიახ, ფერი უნდა იცვალო და ქრისტეს ნათელს ეზიარო… ამის გარეშე არ აქვს აზრი არც მარხვას, არც ლოცვას, არც აღსარებას და ზიარებას….
ადამიანი ხარ და გიჭირს, გეზარება მანკიერ ბუნებასთან შებრძოლება, მაგრამ მასთან თანაცხოვრებაც გეზარება… ცუდია, სიმძიმე და სულიერი სიღარიბე მოაქვს… მერე ტანს წამოსწევ, ბორძიკით იწყებ სიარულს და საბოლოოდ ბრძოლაში ებმები… პატარა-პატარა ომების გამარჯვება მოტივაციას გიღრმავებს და უფრო დიდი ბრძოლისთვის ემზადები… წაგება არ არსებობს… სულ მოგებული ხარ, რადგან საკუთარი თავის ფერიცვალება გადაწყვიტე… შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, მაგრამ მთავარი სურვილია… მთავარი არის პეტრეს სინანული, ავაზაკის რწმენა, მაგდალინელის ცრემლები…
ჩემთვის ორმაგად საკრალურია ეს დღე… 16 წელი გავიდა…. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც, რაც მღვდლად დამასხეს ხელი…
ბევრი ტკივილი, შეურაცხყოფა, დამცირება, განსაცდელი, სიმძიმე და სირთულე გამოვიარე… იყო ბევრი შეცდომა, ბევრი არასწორი ნაბიჯი… ბევრი დაეჭვება, ჰო, ვინ მოთვლის იმდენი ქარტეხილები…
ბევრი გაქცევის, თავის დაღწევის, თავის დანებების სურვილი…
მერე ისევ დაფიქრება, ისევ ანალიზი, ისევ სიყვარულისთვის ხარკის გადახდა…
დღეს, ამ 16 საფეხურის სიმაღლიდან დაზუსტებით მივხვდი, რომ ქრისტე არა მხოლოდ მჭირდება, ის ჩემი მდგომარეობაა… მე ის მიყვარს, როგორც ღმერთი, როგორც ადამიანი… მივხვდი, რომ ერთი ჩამოშლილი ტაძრის უმნიშვნელო კენჭი უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა დანარჩენი სამყარო… ჰო, ამას მივხვდი და ამ აღმოჩენით სხვანაირად ბედნიერი გავხდი…
ბრძოლა არ არის დამთავრებული… სანამ კუბოს ფიცარს უკანასკნელ ლურსმანს არ დააჭედებენ, ბრძოლა სულ გაგრძელდება… ასეც უნდა იყოს… მთავარია სტრატეგია შეიმუშავო, გქონდეს გააზრებული, სად ხარ და რატომ… მერე ადვილია იმ მთაზე ასვლა, სადაც ფერიცვალება გელოდება…
იესოს განუსაზღვრელი სიყვარულის გამო, იმ ადამიანების გამო, ვინც ანთებული თვალებით შემოგყურებს, ღირს საკუთარი თავის უარყოფა და მოთმენა… ნამდვილი სიხარული ხომ სხვაზე ზრუნვას მოაქვს… სინამდვილეში არავინ ზრუნავს სხვაზე, ყველაფერი საკუთარი სულის გადასარჩენად კეთდება…
მე ახლა, ცხოვრების ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე იმ გზას დავადექი, რომელიც საერთოდ არ არის მარტივი, არც რთული… ეს არჩევანია… ეს ჩემი გზაა, ჩემ მიერ გასავლელი… ხან მყარად, ხან ბორძიკით, ხანაც ფორთხვით გასავლელი და მაინც ძალიან ჩემი…
გილოცავთ… ერთად ვიცვალოთ ფერი და გავხდეთ იესოსფერი!.”– წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი.