ფინეთის პრემიერ-მინისტრი ისევ სკანდალში გაეხვია.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ფინურმა მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ფინეთის მთავრობის მეთაური სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ერთობა, მათ შორის არის პარლამენტის წევრი ილმარ ნურმინენი და პოპულარული ტელეწამყვანი ტინი ვიკსტრომი.
ვიდეოში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა, ჩანს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მათთან ერთად ცეკვავს. ფინური მედიის ცნობით, ჩანაწერში ისმის, რომ ხალხი ახსენებს კოკაინს.
ფინელი პარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ტესტი გაიკეთოს და შედეგი გაასაჯაროოს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული და განაცხადა, „მას დასამალი არაფრი აქვს“.
„მე ვცეკვავდი, ვმღეროდი, აღვნიშნავდი, ვაკეთებდი იმას, რაც სრულიად ლეგალურია“, – განაცხადა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.
ფინეთში მომხდარს განსხვავებული რეაგირება მოჰყვა. პოლიტიკოსების ნაწილმა პრემიერ-მინისტრის საქციელი გააკრიტიკა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება 36 წლის სანა მარინის პოპულარობაზე დადებითად აისახება.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი დეკემბერში ღამის კლუბში ვიზიტის გამო გაეხვია სკანდალში, რადგან ის არ გადავიდა კარანტინში, როდესაც წვეულებაზე მყოფ მის კოლეგას კორონავირუსი დაუდასტურდა.