საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს

საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს.
 
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) საერთაშორისო გადაზიდვებით 12.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ  პერიოდის მაჩვენებლზე 16.5%-ით მეტია. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ტენდენცია ნათლად მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია.
 
„საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას,” – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 
 
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია.
 
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია.
 
ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7 პროცენტით მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით – 152 პროცენტით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით – 188.9 პროცენტით მეტმა.