თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საკრებულოში კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში ფარიკაობაში 2022 წლის ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო პრიზიორის სანდრო ბაზაძის და ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა.
სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს.
„დღეს საკრებულოში, ჩვენი კამპანიის ფარგლებში, სანდრო ბაზაძეს შევხვდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი რაც მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა. აღსანიშნავია, რომ თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებთან შეხვედრა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სანდრო ბაზაძე 2022 წლის ევროპის ჩემპიონი (ანტალია, თურქეთი), ასევე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის (კაირო, ეგვიპტე) ბრინჯაოს პრიზიორია. სანდრომ, წელს ქართული ფარიკაობისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ის გახდა პირველი ქართული ფარიკაობის ისტორიაში, ვინც ევროპის და მსოფლის ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. სანდრო ამ გამარჯვებების შემდეგ ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო რეიტინგში (FIE) მეორე ადგილზეა.
საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.