ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” საჩუქრად გადასცემს სკებს, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარს და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელს. ღონისძიების ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება ასოციაციის წევრ ფერმერთა მიერ მოყვანილი და წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია,რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც, მოწვეულ სტუმრებს, ღონისძიების დაწყებამდე ექნებათ.
ღონისძიება დაიწყება 11:30 საათზე და გახსნის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ტუბა ოზუტოკი.
ღონისძიებას მასპინძლობას უწევს გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თურქეთის რესპუბლიკის კონსული ბათუმში, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები,”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები; ღონისძიებას გააფორმებს ოზურგეთის ვაჟ მომღერალთა ანსამბლი.
ცნობისთვის, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია” მიმდინარე წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი.
“TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურმიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.