“სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნოდ შეწირული თანხის უკან დაბრუნებას, დიდი ხანია ვითხოვ. ორჯერ მივმართე წერილობით: ვუთითებ, რომ თანხა, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გადავირიცხე, უკან გადმომირიცხოს და გადავრიცხო ბავშვთა ფონდში“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან საუბარში გოჩა გიგაშვილი. რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტია.
რატომ ითხოვს საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული თანხის უკან დაბრუნებას, როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? „ჯორჯიან თაიმსი“ გოჩა გიგაშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, აქციები, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია იმართება, შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ოპოზიციის, არამედ პრეზიდენტის ორგანიზებულია?
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გადაჭარბებულად შუქდება ისე, თითქოს ეს სრულიად სახალხო პროტესტია, რეალურად ეს არის „ფერადი რევოლუციის“ მცდელობა. მიმდინარე მღელვარებისთვის საჭირო პირობების შექმნა გახლავთ ორივე მხარის, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის თანმიმდევრული და მიზანმიმართული ქმედებების შედეგი. წლების განმავლობაში არ დაუშვეს მესამე ძალის გამოჩენა. ამგვარი ძალის გამოჩენის მცდელობისას, ორივე ძალა უნისონში იწყებდა ახალი ძალის მარგინალიზაციას, მათ ხელში არსებული მედია საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ელექტორატის უდიდესი ნაწილი მისი ინტერესების გამხმოვანებლის გარეშე დარჩა.
მუდმივად, ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე დილემა: არ მომწონს ხელისუფლების ბევრი ქმედება, მაგრამ სადისტური რეჟიმის დაბრუნება დაუშვებელია, მათი მობრუნების შემთხვევაში ბევრად უარესი მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში.
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აქციებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები, მათზე პირდაპირ მიბმული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, მხოლოდ მართული შემსრულებლები არიან; დამგეგმავები და ორგანიზატორები სხვები გახლავან, ქვეყნის გარედან. რაღა თქმა უნდა, პირდაპირი მტკიცებითი დოკუმენტების მოძიება მხოლოდ შესაბამის სპეცსამსახურებს ხელეწიფებათ, მაგრამ საჯარო სივრცეში ანალიზისთვის და დასკვნის გამოსატანად საჭირო ცნობები საკმარისად მოიძიება. (მაგალითად, ეს მასალა გახლავთ 2003 წლის “რევოლუციის” შესახებ, ყველაფერი ღიადაა მოცემული და არც აქ წარმოდგენილი პერსონები მალავენ რამეს.
( ცუდი არ იქნება, თუ ქართული გახმოვანებით იხილავს ქართველი მაყურებელი ამ ვიდეოს.) ვიდეო ბმული
რა მტკიცებულებები არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი ჩართულია პროცესებში,რომელიც ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა?
„კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეუძლიათ, თუმცა ვებ-რესურსებში და სხვა საძიებო პლატფორმებზე არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ დასკვნამდე მივიდეთ.
გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და ამ არეულობის დაგეგმვა საზღვარგარეთ ხდება, მათი შესაძლებლობები ამ მხრივ შეზღუდულია. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება სათანადო მასალის მოძიება.
მაგალითად, ეს ინტერვიუ ჩაწერილია ერთი წლის წინ. აქ არც საქართველო არ არის საუბრის თემა და არც ქართული პუბლიკისთვისაა გაკეთებული ჩანაწერი, თუმცაღა სავსებით ნათლად ჩანს, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესების, ქვეყნის არევის მცდელობის ორგანიზატორებიც და მათი მოტივაციაც. (ამ შემთხვევაშიც არ იქნება ურიგო მაყურებლისთვის ამ მასალის მიწოდება ქართული სინქრონის თანხლებით.) ვიდეო ბმული
როგორც მაგალითად, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, ყველაფერი ღიად იყო ნათქვამი, თუმცა გარკვეული ფაქტები საზოგადოებისთვის დღემდე არაა ცნობილი.
მე მგონი, სავსებით ნათლად გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მოტივაციაც: იგი ხომ საფრანგეთის მოქალაქე და პატრიოტი, შესაბამისად ატარებს საფრანგეთის ინტერესებს.
როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს პრეზიდენტი ქვეყანაში სიტუაციის არევას, მხოლოდ მისი პრეზიდენტობის ვადის გასაგრძელებლად?
რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება არ არის მთავარი მოტივი. ბუნებრივია, არსებობს შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს, არა მარტო მისი პოზიციის განმტკიცებას, არამედ უფრო დიდ ფულად და პოლიტიკურ წვლილს. ეს ბუნებრივია, იარსებებს მისი შეთანხმება-პროცესებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებთან, სახელმწიფო გადატრიალების მოხდენის შემთხვევაში საკუთარი წილების (ნადავლის) განაწილების შესახებ.
თუმცა ასეთი შეთანხმებები, ამგვარი ფსიქოტიპის ადამიანებს შორის ყოველთვის მყიფეა და დიდი დღე არ უწერია; ყოველთვის ერთმანეთის განადგურების მცდელობით მთავრდება.
ზუსტად ამგვარად იყო ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციის” შემთხვევაშიც (გვახსოვს, როგორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაერივნენ ერთმანეთს), და ზოგადადაც, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი რევოლუციის შემდეგ ეს შედეგი დგება, ეს ისტორიული კანონზომიერებაა.
ამგვარად, სალომე ზურაბიშვილის მიზანი საქართველოში, რაღაც დოზით მმართველობაში დარჩენაც გახლავთ, მაგრამ მისი უზრუნველი სიბერის და მისი შთამომავლობის მთავარი გარანტორი, რა თქმა უნდა საფრანგეთია და ამ ამ ქვეყნის ინტერესი, რაც ვიდეოშიც გაჟღერდა, იმას ემსახურება.
როგორ ახსნიდით თქვენს მოთხოვნას, რომ თანხა, რომელიც გადარიცხეთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, უკან გადმოგირიცხოთ და ეს თანხა გადაირიცხოს ბავშვთა ფონდში.
რაც შეეხება საარჩევნოდ შეწირული თანხის უკან დაბრუნებას დიდი ხანია ვითხოვ. ორჯერ მივმართე წერილობით: ვუთითებ, რომ თანხა, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გადავირიცხე, უკან გადმომირიცხოს და გადავრიცხო ბავშვთა ფონდში. წერილობით მივმართე პრეზიდენტის კანცელარიას და ვთხოვე თანხის დაბრუნება, თუმცა პასუხი არ მიმიღია.“
მეორე წერილის თარიღი, 3 ივნისია და არანაირი პასუხი წერილზე დღემდე არ გაცემულა. ამდენად, ექვსთვიანი პასუხგაუცემლობის შემდეგ გასაჯაროება სავსებით ჯდება მორალის ფარგლებში, მითუმეტეს, ამ პერიოდის და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში მისი ქმედება საერთოდ გასცდა ყველანაირ ჩარჩოს და ქვეყნისთვის ღია მტრობის რეჟიმში მოქმედებს. იქამდე დაეცა, სკოლის ბავშვებით მანიპულირებს.
ჩემი აზრით, სამართლიანია ჩემი მოთხოვნა (იმედია სხვა შემწირველებიც ამიბამენ მხარს) დააბრუნოს თანხა, თუმცა მე, ნუ დამიბრუნებს, გადაურიცხოს ძეგვის ბავშვთა სახლს (ან რომელიმეს, და ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნებისმიერ უმწეოთა დაწესებულებას; არც ბავშვები და არც უმწეოები პრეზიდენტობისას არც კი გახსენებია).
ქვეყანაში სიტუცია, ძალიან პოლარიზებულია, რა უნდა გაკეთდეს პროცესების დასარეგულირებლად, რომ სამოქლაქო დაპირისპირება ავიცილოთ?
ქვეყანაში შექმნილი მწვავე პოლარიზაციის მოხსნა მხოლოდ და მხოლოდ სუფთა სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით არის შესაძლებელი. პარტიები და გარედან ჩარევა მხოლოდ ზრდის დაპირისპირებას. ამ უკიდურესად ფეთქებად მომენტში ერთხელ მაინც უნდა შევძლოთ თვით ორგანიზება, ყოველგვარი მოგზავნილი და ქვეყნის გარედან გარანტია მიღებული “ლიდერების” გარეშე (როგორც ეს იყო გნებავთ შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ, გნებავთ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას – “რესპუბლიკელები”, გუბაზ სანიკიძეები და ა.შ.).
დღეს, სუფთა სამოქალაქო საზოგადოების შეკრება-მანიფესტაცია, არეულობის მაორგანიზებელი შტაბის მხრიდან აუცილებლად შეფასდება, როგორც მართული კონტრაქცია (მედიასაშუალებების უდიდესი ნაწილი მათ ხელშია), და სამოქალაქო ომის რისკი გაათმაგდება. თუმცა საზოგადოებას შეგვიძლია- ხელმოწერების ტრანსპარანტულად, დემონსტრაციულად შეგროვება (შეძლების და გვარად სათანადო გაშუქებით, იმ მცირე რესურსით რაც ჯერ კიდევ არსებობს თქვენი მედიასაშუალება, ფორ.ჯი და ა.შ. თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობის მიღწევით) შემდეგი მოთხოვნით:
1 აეკრძალოს სალომე ზურაბიშვილს და დანარჩენ აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ სუბიექტებს ქართველი ხალხის სახელით საუბარი.
2 “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი არ აკმაყოფილებს ქართველი ხალხის მოთხოვნებს, და ხელისუფლებამ ულაპარაკოდ და უსწრაფესად უკან გაიწვიოს მისი კანდიდატურა.
3 ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი შეირჩეს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით (საზმაუს ღია და პირდაპირი ეთერებით).
4 ქვეყნის მტრობის მოსურნე პრეზიდენტის (ზურაბიშვილი) თანამდებობიდან ჩამოშორებისთანავე და საზოგადოების მოთხოვნით, არჩეული პრეზიდენტის ძალაუფლების ამოქმედებისთანავე პარლამენტმა ხალხს, დაგვიბრუნოს რეფერენდუმის ჩატარებისა და პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩევის უფლებები.