ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „მთავრობაში“ აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან დაფინანსება თითქმის მთლიანად შეჩერდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა თათბირზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროში პრობლემებს ეხებოდა, რუსეთის მხრიდან დაფინანსების თითქმის მთლიანად შეჩერების შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“, ბადრა გუნბამ განაცხადა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ „საჯარო სექტორში“ დასაქმებულები ხელფასს ვერ მიიღებენ.

მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად გულახდილები უნდა იყვნენ მოქალაქეების მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსების გადახდები ყველა მიმართულებით. ეს შეეხო თავდაცვის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამინისტროებსა და უწყებებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს, ფაქტობრივად, საპენსიო უზრუნველყოფის გარდა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, – აღნიშნა გუნბამ.

სექტემბერში რუსეთის მხრიდან დაფინანსება ნაწილობრივ შეჩერდა. მოსკოვი ითხოვდა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დამტკიცებას, რამაც ნოემბერში ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია. მოგვიანებით ეს დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით ე.წ. „პარლამენტის“ სესიის სხდომაზე უკან გაიწვიეს.

„რუსეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის უკიდურესად რთული იქნება სიტუაციის შენარჩუნება. ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ხვდებოდნენ, რომ ეს იძულებითი ზომაა“, – აღნიშნა გუნბამ.