პარლამენტს ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმურობის მინიჭება არ სჭირდება – გიორგი კახიანი

საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტი იყოს ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა. რამდენსაც არ უნდა შეეცადოს მავნებელი ოპოზიცია, რომ არალეგიტიმური უწოდოს, ეს ყველაფერი უსუსური მცდელობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის მიერ შეტანილ სარჩელს, გიორგი კახიანის შეფასებით, სარჩელის შეტანა არ აჩერებს კონსტიტუციურ პროცესს.

„სარჩელის შეტანა არ აჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია კონსტიტუციური პროცესი ჰქვია. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ თავის დროზე შევიკრიბოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დღეს პარლამენტი შეიკრიბება, მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, ძალიან მალე მოხდება მთავრობის დამტკიცებაც და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას, ისე, როგორც აქამდე იყო.

ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში. არც მათი შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი გაფუჭდება. უმრავლესობა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, გავაგრძელებთ საქმიანობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლა, ბუნებრივია, ამ პროცესს ვერანაირად შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ. ეს სცენარიც ნანახი გვაქვს. არაერთხელ გვინახავს, როდესაც საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წასულან. ოთხი წლის წინ ზუსტად ეს პერიოდი მახსენდება, როდესაც უფრო მეტი მონდომებით საუბრობდნენ, თითქოს პარლამენტში არ შემოვლენ, ვინც შემოვიდოდნენ, იქნებოდნენ პუფები და ა.შ. იმავდროულად, ისიც ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ პარლამენტის წევრები. ასე რომ, სცენარი დაახლოებით იგივე იქნება. ეს დამოკიდებულია დროზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.