განცხადებები, რასაც მმართველი პარტიის ლიდერები ევროკავშირის ელჩზე, კარლ ჰარცელზე აკეთებენ, ძალიან რთულია, რომ სერიოზულად შეაფასო , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ კარლ ჰარცელზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკისა და დასავლეთთან რუსულ სტილში შებრძოლების გაგრძელებაა.
„ეს არის გადაბრალების მცდელობა მისიაზე ან ელჩზე, თითქოს რაღაც ისე არ მოხდა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის არავის მიუყენებია ისეთი ზიანი, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად იმ ადამიანებმა მიაყენა, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განვითარებულ ურთიერთობაში მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა. მისივე თმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი ელჩი „სხვაგვარად იმოქმედებს“.