“პუტინი, როგორც იქნა, ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების სიმწარეს იგრძნობს: უკრაინამ სწრაფად და ძლიერად უნდა დაარტყას”-The Independent

უკრაინა იმედოვნებს, რომ კრემლს სერიოზული თავის ტკივილი დაემართება, როცა კიევი რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყამს და ზურგში მდებარე სამხედრო ობიექტებს, ცოცხალი ძალის ჩათვლით, გაუნადგურებს, – წერს კრის სტივენსონი დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „პუტინი, როგორც იქნა, ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების სიმწარეს იგრძნობს: უკრაინამ სწრაფად და ძლიერად უნდა დაარტყას“. „ამგვარი ნაბიჯი ფრიად სასარგებლოა უკრაინის ომით გაწამებული მოსახლეობისა და არმიის მორალური სულის გასაძლიერებლად“, – ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯო ბაიდენმა, როგორც იქნა, უკან დაიხია და ნება დართო უკრაინას გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ – ზურგში განლაგებული სამხედრო-სამრეწველო ობიექტებისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. რა თქმა უნდა, საკვირველი იქნებოდა, დიდი ბრიტანეთიც რომ ასევე არ მოქცეულიყო და აშშ-სთვის არ მიებაძა.

რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ემუდარებოდა თავის ამერიკელ კოლეგას და სხვა დასავლელ ლიდერებს, რომ როგორმე შეემსუბუქებინათ ის მკვეთრი ზეწოლა, რასაც უკრაინის არმია განიცდიდა ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიისაგან, ასევე შენელებულიყო უკრაინის ქალაქების ბარბაროსული საჰაერო დაბომბვა რუსული ავიაციის მიერ. და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის მე-1000 დღეს, ჯო ბაიდენმა რაკეტებით სარგებლობას მწვანე შუქი აუნთო.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას შეზღუდული რაოდენობით მიეწოდა როგორც საარმიო ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS), ასევე ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის ტიპის რაკეტა, რასაკვირველია, მათი გამოყენება რუსეთის ზურგში განლაგებული ობიექტების წინააღმდეგ რაიმე გარდატეხას ვერ შეიტანს, თუმცა არც მისი მნიშვნელობა არ უნდა შევამციროთ – სიმბოლურად მაინც.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული იარაღი პირველად იქნება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებული (ოკუპირებული ყირიმი და დონბასი უკრაინის მიწა-წყალია) და, როგორც ჩანს, უპირატესად კურსკის ოლქში თავმოყრილი რუსეთისა და ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების წინააღმდეგ, რომლებსაც უკრაინის ჯარების განდევნა აქვთ დაგეგმილი იმ ტერიტორიიდან, რომელიც მათ აგვისტოში მოულოდნელად განხორციელებული შეჭრის შედეგად დაიკავეს. როგორც თავის დროზე კიევმა განაცხადა, რუსეთს ძვირად დაუჯდება ჩრდილოეთ კორეის არმიის ნაწილებისა და ფხენიანის სამხედრო ქარხნების მიერ წარმოებული საარტილერიო სისტემებით სარგებლობა.

რასაკვირველია, ეს იქნება შედარებით ხანმოკლე სამხედრო წარმატება, მაგრამ არის იმედი, რომ შორი მანძილიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმები დააზარალებენ რუსეთისა და ჩრდ.კორეის სამხედრო ქვედანაყოფების მომარაგებას და ლოჯისტიკას., შეანელებენ მათ სავარაუდო წინსვლას და ხელს შეუშლის შეტევის დაწყებას კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში. უფრო ფართო გაგებით, მიმართული იქნება აგრეთვე სამხედრო საწყობების წინააღმდეგ, სადაც რაკეტები და პლანერებადი ბომბების მარაგებია განლაგებული. ასეთი ბომბები დიდ ზიანს აყენებს უკრაინის ქალაქებს.

შეიძლება ითქვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება იმ ყველაფერს, რომელიც მოსკოვს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს თავისი იარაღის ბედის შესახებ – რაკეტები და ბომბები ძალიან ძვირი ღირს.

კიევს ჰაერივით ჭირდება ისეთი რაკეტებიც, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომების (სამხედრო-საჰაერო ბაზების) წინააღმდეგ გამოიყენებს და რომლებიც სასტარტო მოედნებად ითვლებიან რუსული ავიაციისათვის. ასევე მათი სამიზნეები გახდებიან დრონების ასაწყობი ქარხნები, საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამრეწველო საწარმოები.

როგორც ცნობილია, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს, თეს-ებს და ჰეს-ებს, რაც მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმედ გადასატანი იქნება – ელექტროენერგიის გათიშვის თვალსაზრისით. ამიტომაც უკრაინისათვის ერთგვარად შვების მომგვრელი იქნება საპასუხო დარტყმების მიყენება.

რა თქმა უნდა, რუსეთს ჰქონდა ეჭვი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „კოჭლობის“ პერიოდში მოსკოვისათვის რაღაც არასასიამოვნო ნაბიჯს გადადგამდა, თუნდაც რაკეტების გამოყენების აკრძალვას გააუქმებდა, ამიტომ კრემლს საკმაო დრო ჰქონდა და შეიძლება უკვე მოასწრო კიდეც ამ საფრთხის თავიდან აცილება, ანუ თავისი კრიტიკული ობიექტები ATACMS-ებისა და Storm Shadow-ის მოქმედების არეალიდან (300 კილომეტრამდე) გაიტანა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარგად უწყის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნება.

უკრაინელებისათვის გარკვეულად იმედისმომცემი იქნება საპასუხო დარტყმების მიყენების შესაძლებლობა იმ დროს, როცა რუსეთის არმია ნელა, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ და ქალაქს-ქალაქზე იკავებს.

უკრაინისათვის ამერიკული რაკეტების გამოყენების უფლების მიცემა იმასაც ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი თავისი გაბედულების დემონსტრირებას ახდენს და არ ეშინია რუსეთის გაფრთხილებისა, რომ ვაშინგტონის ნაბიჯი ომის ესკალაციას გამოიწვევსო.

ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, ასევე უნდა, რომ დონალდ ტრამპი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, როცა მისთვის ძალიან ძნელი იქნება ამ გადაწყვეტილების გაუქმება. რესპუბლიკელ პრეზიდენტს ომის სწრაფი შეწყვეტა სურს, მაგრამ რაკეტების გაშვების უფლებამიცემული და გამამაცებული უკრაინა შეიძლება დონალდ ტრამპისათვის ერთგვარი „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდეს… ამასთან, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის მოკავშირეებმა უკვე დაიწყეს ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების კრიტიკა, უკრაინისათვის სასიამოვნო არ არის.

ბუნებრივია, ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად ისარგებლოს მიცემული უფლებით (დრო არ ითმენს!), რათა მომზადებული შეხვდეს სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებას და ხელსაყრელი მდგომარეობა სრულმასშტაბიანად გამოიყენოს მანამ, სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პრეზიდენტის უფლებამოსილებით დაბრუნდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: