ოპოზიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული აქვს მობილიზება დიდი ტყუილის გასატანად, ტყუილები აღარ გადის და ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი -მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული აქვს მობილიზება დიდი ტყუილის გასატანად და ასეთი ტყუილები აღარ გადის ამ ქვეყანაში. ვინც არ უნდა გარედან დაარტყას ამ ქვეყანას, როგორმა ძალებმაც არ უნდა შემოგვიტიონ, საბედნიეროდ, ტყუილები აღარ გადის და ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 300 000 ხმის გაყალბებაზე საუბარი არასერიოზულია. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„რეალურად, ოპოზიციაში არანაირი პროტესტი არ არის, დღეს ხომ აქვთ გენერალური რეპეტიცია, მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ ორ მილიონ ხმაში 300 და 400 000 ხმის გაყალბება შეიძლება, გამოვიდნენ გარეთ, გააპროტესტონ. ავჯანყდეთო და რაღაც სისულელეებს ხომ ლაპარაკობენ, უნდა დავთვალოთ, უბრალოდ შევხედოთ, რამდენ ადამიანს სჯერა, რომ 300 და 400 000 ხმის გაყალბება შეიძლება. რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო აგრესიულები ხდებიან მათი ლიდერები. რამდენიმე ასეული ადამიანია სულ, მათ გარდა, დღეს სრული მობილიზაცია აქვთ ქვეყანაში, ამ სრული მობილიზაციის ფარგლებში, ყველას მოვუწოდებ, გააპროტესტონ, რომ შევხედოთ, რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც ამ ტყუილს ასე შეასაღებენ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ, არ შემოვალ. წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე არ უნდა იფიქრონ. პირველი სხდომის შემდეგ თვითონ დაიწყებენ ხვეწნას, ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ, დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. შემოვლენ და ასეც უნდა მოიქცნენ, რადგან თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის არ უნდა ეკადრებინათ ის ტყუილი, რასაც არჩევნების 300 000-ხმიანი გაყალბება ჰქვია. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყანაში ტყუილები ვეღარ შეასაღონ ადამიანებს“, – განაცხადა მდინარაძემ.