ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს -ლევან ბეჟაშვილი

„ლელოს“ ინიციატივა მისასალმებელია. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, რომლითაც მიმართავს ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიულ ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენ იმთავითვე ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ახლაც ვთავაზობთ ოპოზიციას, ერთიანი სტრატეგიის მეშვეობით უზრუნველყოთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ამიტომ „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც, ბუნებრივია, მისასალმებელია. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.